ალბათ, იშვიათად თუ შეხვდებით ბავშვებს, რომლებმაც უკვე გადაჭრით იციან საკუთარი მომავალი პროფესია, რომლებიც არსებული რესურსების გამოყენებით ცდილობენ, შექმნან შესაძლებლობები და საკუთარი ძალებით გაიკვლიონ გზა დიდ მეცნიერებაში.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი პირველი STEM ბანაკი საქართველოში - „კომაროვის STEM ბანაკი“ გამორჩეულ, მიზანდასახულ და მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვებს ერთ სივრცეში უყრის თავს და აძლევს მათ შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ ახალი გამოცდილება და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი მიზნების განხორციელების პროცესში.
„თუკი გვინდა, დავიწყოთ რაღაც დიდის შეცნობა, აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მცირე მასშტაბიდან დავიწყოთ. სამყაროს შეცნობის პროცესში კი ასეთი მცირე რამ არის უჯრედი“, - ამბობს გურამ გოლიაძე, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე და საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის, „კომაროვის STEM ბანაკის“ მონაწილე. საინტერესოა, რომ მისი მოგზაურობაც დიდი მეცნიერებისკენ სწორედ ასეთი პატარა ნაბიჯებით იწყება.
„სხვადასხვა პლატფორმაზე ექსპერიმენტების ვიდეოების ყურებისას ძალიან მინდოდა, მეც ჩამეტარებინა ცდები. თუმცა, ჩემს სკოლაში ლაბორატორია არ არის, ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ძალებით შემექმნა ლაბორატორია და დავიწყე სხვადასხვა ინვენტარის - ჭურჭლის, რეაქტივების შეგროვება... საბოლოოდ, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით, შევძელი, შემექმნა პატარა ლაბორატორია და სკოლის დონეზე, როგორც შეგვეძლო, ვსარგებლობდით ამ სივრცით“, - გვიყვება გურამი.
როგორც თავად გვიხსნის, ლაბორატორიაში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ვიდეოების ყურების შედეგად მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა და სრულიად ახალი გამოცდილება მიეღო.
„მას შემდეგ, რაც ხელით შევეხე ამ ყველაფერს და ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე, შევძელი, რომ ეს ჯადოსნური სამყარო სხვებისთვისაც გამეზიარებინა“, - ამბობს გურამი და STEM ბანაკამდე გავლილ გზას გვიყვება.
მისი თქმით, მცირე ლაბორატორიიდან ანასეულში არსებულ აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გადაინაცვლა, სადაც სხვადასხვა ინსტრუმენტების მოხმარებასა და ექსპერიმენტების ჩატარებას სწავლობდა. თუმცა, როგორც ამბობს, ანასეულში არსებული რესურსები ძალიან მწირია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა არათუ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა შეძლონ, არამედ შეიძინონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათი მომავალი პროფესიის ბაზისი გახდება.
„იდეათეკა არის ის სივრცე, რომელიც ძალიან დამეხმარა წინსვლაში. როდესაც პირველად მოვედი, ისიც არ ვიცოდი, როგორ ჩამეხედა მიკროსკოპში, თუმცა, აქ არსებული რესურსების გამოყენების შედეგად გავერკვიე ამ პროცესში და ბევრი რამ ვისწავლე“, - აღნიშნავს გურამი.
იხსენებს, რომ STEM-ის მიმართულებებისადმი ინტერესი ბიოლოგიის და მათემატიკის მასწავლებლებმა გაუღვივეს და უკვე რამდენიმე წელია, რაც მუშაობს ამ სფეროში საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე.
„ძალიან დიდი ხანია, რაც ჩემი მომავალი STEM-ს დავუკავშირე. თუმცა, კომაროვის STEM ბანაკი იყო კულმინაცია და უმაღლესი წერტილი, რომლის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ ეს ის მიმართულებაა, რომელიც ნამდვილად ჩემია,“ - ამბობს გურამ გოლიაძე.
თუმცა, ეს გურამის მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია. მას წინ ჯერ კიდევ დიდი და აღმოჩენებით სავსე გზა აქვს გასავლელი.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს განათლების ხელმისაწვდომობას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა 100 000-ს უტოლდება, აღნიშნული პროექტების რიცხვს კი მიეკუთვნება იდეათეკა, საჯარო მეტყველების კონკურსი ინგლისურ ენაზე, საქართველოს ბანკის Fulbright-ისა და Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამები, Miami Ad School-ისა და სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სტიპენდიები, კინგსის ოლიმპიადა და კიდევ მრავალი სხვა.
NS




























