მდგრადი განვითარების 17 მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წელს დაამტკიცა და მისი შესრულების ვალდებულება გაეროს წევრმა ყველა სახელმწიფომ აიღო. დღის წესრიგის მიზანია უზრუნველყოს მსოფლიოს ქვეყნების მდგრადი განვითარება 5 ძირითადი მიმართულებით: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა და თანამშრომლობა.
2023 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში მიზნების შესრულების პროგრესი შეაჯამა, სადაც აღინიშნა, რომ დასახული ამოცანების მხოლოდ 15 % არის შესრულებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შარშან გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს პროგრესიც არის წარმოდგენილი. 166 ქვეყანას შორის, ჩვენი ქვეყანა 42-ე ადგილზე არის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით.
ამასთან, 2024 წელი, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივლისის თვეში, საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესულების პერიოდული ანგარიშის წარდგენა უწევს გაეროში. აღნიშნულ პროცესს „ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა“ ეწოდება და 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
სახელმწიფოს პროგრესის შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შევაფასოთ კომპანიების წვლილი მიზნების შესრულებაში. სწორედ ამ მიზნით, 2023 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა EY საქართველოსთან თანამშრომლობით კვლევა განახორციელა და შეაფასა ბიზნეს სექტორის აქტივობა 17 მიზნის მიმართულებით.
რა შედეგები გამოავლინა კვლევამ, როგორ არის ჩართული ბიზნესი ჩვენი ქვეყნის სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ განვითარებაში?
ინტერვიუერი: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
სტუმარი: ნინო ესაკია - EY საქართველოს საჯარო და სახელმწიფო სექტორის პრაქტიკის ხელმძღვანელი;