მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზაზე შეფერხებების გამო, ყაზბეგში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ - სასტუმრო "ოიშე"

ტრაილერების საცობი

ყაზბეგში მომუშავე სასტუმროების წარმომადგენლების თქმით, მუნიციპალიტეტამდე მისასვლელ გზებზე გადაადგილება მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამო კურორტზე ჯავშნები მასობრივად უქმდება, პასუხისმგებელ უწყებებში კი პრობლემით არ ინტერესდებიან.

როგორც სასტუმრო „ოიშეს“ დამფუძნებელმა ლიკა ტოგონიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ტრაილერების გამო ტურისტებს საცობში დგომა 2-5 საათის განმავლობაში უწევთ. ბიზნესი სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმის შემოღებას ითხოვს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გუდაური-კობის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებაა, რის გამოც მოსახლეობა და ტურისტები 2-დან 5 სთ-მდე საცობში ყოფნის გამო ფერხდებიან. საგზაო დეპარტამენტი საპატრულო პოლიციისკენ გვამისამართებს. მოგეხსენებათ, ჩვენ მცხეთა-მთიანეთს ვეკუთვნით და ძირითადად მცხეთა-მთიანეთმა არ იცის, რა ხდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, მითითებას გვაძლევენ, რომ საპატრულო ეკიპაჟთან გავარკვიოთ სიტუაცია, საპატრულო ეკიპაჟი საზღვრისკენ იშვერს ხელს და გვეუბნება, რომ ტრაილერები გამოუშვეს და არ ვიცით, როდის გაიხსნება გზაო.

არ არის დაწესებული საათები, როცა ტრადიციებისთვის იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რასაც ვითხოვთ. დღემდე ვერ დავადგინეთ, რა ხდება და როდის შეიძლება თავისუფალი იყოს გზა ჩვენთვის. როგორც უნდათ, რა პირობებშიც უნდათ, ისე კეტავენ.

რაც არ უნდა ლამაზი იყოს ყაზბეგი და ნამდვილად ლამაზია, ეს ტურისტებისთვის შემაფერხებელია, ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა და სეზონი ჯავშნების გარეშე მიმდინარეობს. ტურისტები ყაზბეგში სწორედ ამ მოუწესრიგებელი გზის გამოც არ არიან. პრობლემა იწყება მაშინვე, როცა გვირაბებით სარგებლობას ვიწყებთ. ეს არის ზვავსაშიშროების გამო დეკემბრიდან მარტის ბოლომდე პერიოდი. გვირაბები არ არის მოწესრიგებული, უზარმაზარი ორმოებია, არავინ არ ჩანს ისეთი, ვინც ამას ყურადღებას აქცევს. პრობლემას ისიც ართულებს, რომ საზღვრიდან მოუწესრიგებელი მანქანები შემოდიან და ხშირად ეს მანქანები გვირაბებში ფუჭდება. როცა თოვლი არ გიშლის ხელს, დამატებით ტრაილერების გამო 5 საათი უნდა იდგე საცობში, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ძალიან დიდ ქაოსს იწვევს", - განაცხადა ლიკა ტოგონიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები