მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტი საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებისთვის ₾5.3 მილიონს დახარჯავს

white & Case

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ურჩ კონტრაქტორებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებისთვის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას. შესყიდვის ღირებულება 5.3 მილიონ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში უწყება 2025 წლის განმავლობაში საარბიტრაჟო დავებში იურისტების მომსახურებას შეიძენს.

გზების დეპარტამენტს წარმოდგენილი არ აქვს თუ რომელი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე დავებს შეეხება ეს შესყიდვები, თუმცა მითითებულია, რომ 2025 წელს 5.3-მილიონიანი დაფინანსება მოხმარდება კომპანიების White & Case-ის, Hogan Lovells-ის, Squire Patton Boggs-სა და Arnold & Porter Kaye Scholer-ის მომსახურების შესყიდვას მოხმარდება.

"2024 წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეისყიდა სხვადასხვა ტიპის იურიდიული მომსახურება, კერძოდ, უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, FIDICის ტიპის ხელშეკრულებების ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ასეთივე ტიპის ხელშეკრულებების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის მომზადებასთან დაკავშირებით, დავების განხილვის საბჭოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით (მათ შორის საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვის (quantum expert), დაგვიანების (delay expert) და გეოტექნიკური (Geotechnical expert) ექსპერტების დასკვნები, დეპარტამენტმა 2024 წლის განმავლობაში იურიდიული მომსახურება შეისყიდა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისგან: „White & Case LLP“, „Hogan Lovells International LLP“, „Squire Patton Boggs (UK) LLP“ და „Arnold & Porter Kaye Scholer LLP“.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ მიმდინარეა. შესაბამისად, სასამართლო დავები გაგრძელდება 2025 წლის განმავლობაში. უკრაინაში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე და ასევე გამოსაყენებელი სამართალი არის უკრაინული. ამდენად, დეპარტამენტს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და მოკლებულია შესაძლებლობას, არსებული რესურსით აწარმოოს აღნიშნული დავები. გარდა აღნიშნულისა, დეპარტამენტი სამართლებრივ პროცესებს წარმართავს ყაზახეთში, სადაც დეპარტამენტმა მოიგო სამართლებრივი დავა და ამჟამად აქტიურად მონაწილეობს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებში. პროცესი ამჟამადაც მიმდინარეა და არსებული ფატქობრივი გარემოებების გათვალისწინებით გაგრძელდება 2025 წელსაც. შესაბამისი პროცესები მიმდინარეობს ყაზახეთში ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი არსებული რესურსისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას, აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები