საავტომობილო გზების გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან კუპატაშვილს, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულ უცხოეთის 4 მოქალაქეს.
როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ლევან კუპატაშვილის თქმით, პროკურორის მიერ წაკითხული ბრალდება ფაქტების მანიპულაციაზეა დაფუძნებული.
“ხდება ფაქტების უხეში მანიპულაცია. ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან უკვე განხილული გვაქვს. რაც შეეხება მიმალვას, შემთხვევა 2023 წელს მოხდა. მე ვარ ის, ვინც პირველმა უჩივლა ამ კომპანიას. ვის უნდა გავურიგდე და ვინ უნდა დავაშინო? მე ვიყავი დაზარალებული მხარე და ახლა რაღაც მიზეზების გამო პროკურატურა სხვაგვარად ფიქრობს. რაც შეეხება საზღვარგარეთ კავშირებს, ისედაც არ ვაპირებ არსად გასვლას. რამდენჯერაც დამიბარეთ მოვედი. ცოტა დასაბუთებასაც თუ დადებთ, დაგიფასდებათ”, - განაცხადა ლევან კუპატაშვილმა.
შეგახსენებთ, როგორც 10 ნოემბერს გახდა ცნობილი, პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.




























