საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.
შეხვედრას გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და აჭარისა და გურიის რეგიონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; პროექტების დაგეგმვის პრინციპები; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; ხარისხის კონტროლი; მონიტორინგი და აღსრულება", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება. მსგავსი სახის შეხვედრა უკვე ჩატარდა შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის.
შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით.
ღონისძიება, "ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდება.

























