მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტის ყოფილმა მოადგილემ დეკლარაცია ციხეში შეავსო - რა ქონებას ფლობს ლევან კუპატაშვილი?

ლევან კუპატაშვილი

პატიმრობაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ლევან კუპატაშვილმა, 2026 წლის 24 აპრილს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია პენიტენციურ დაწესებულებაში შეავსო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან კუპატაშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე ₾16 მლნ-ს გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის 11 დეკემბერს დააკავეს.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან კუპატაშვილი ერთპიროვნულად (100%-იანი წილით) ფლობს 4 ბინას, 3 ავტოფარეხს და ერთ სასაფლაოს:

  • ბინა თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი - 89 კვ.მ ფართი; შეძენილია 2016 წლის 21 ივლისს, ნასყიდობით, 44 888 აშშ დოლარად;
  • ბინა თბილისში, შარტავას ქუჩა - 205.6 კვ.მ ფართი; შეძენილია 2019 წლის 18 აპრილს, ნასყიდობით, 102 800 აშშ დოლარად;
  • ბინა თბილისში, გაგარინის ქუჩა - 79.6 კვ.მ ფართი; შეძენილია 2023 წლის 27 ნოემბერს, ნასყიდობით, 95 000 აშშ დოლარად;
  • ავტოფარეხი ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი - 18 კვ.მ ფართობი; შეძენილია 2016 წლის 12 იანვარს, ნასყიდობით, 5 000 აშშ დოლარად;
  • ავტოფარეხი შარტავას ქუჩა - 20 კვ.მ ფართობი (მითითებულია 20 და 33.8); შეძენილია 2019 წლის 13 სექტემბერს, ნასყიდობით, 11 000 ლარად;
  • ავტოფარეხი შარტავას ქუჩა (მეორე) 20 კვ.მ ფართობი (მითითებულია 20 და 33.8); შეძენილია 2019 წლის 13 სექტემბერს, ნასყიდობით, 11 000 ლარად.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მისი მეუღლის ნინო მღებრიშვილის საკუთრებაშია (100%) მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი (1.8 ჰიბრიდი), გამოშვებული 2010 წელს, რომელიც შეძენილია 2016 წელს ნასყიდობით, 6 000 აშშ დოლარად. ფასიანი ქაღალდების განყოფილება დეკლარაციაში მონაცემებს არ შეიცავს.

საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული

დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები უმნიშვნელო იყო და ყველაზე დიდი თანხა 495 ლარია.

ასევე, დეკლარაცია არ შეიცავს მონაცემებს ნაღდი ფულადი თანხებისა (რომელთა ოდენობა აღემატება 10 000 ლარს) და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

სამუშაოდან მიღებული შემოსავლები

წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაოები და ხელზე აღებული თანხები ასე ნაწილდება:

  • ლევან კუპატაშვილი: საავტომობილო გზების დეპარტამენტში 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მუშაობისას მიიღო 78 333 ლარი. აქედან, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის რანგში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 49 349 ლარი, ხოლო თავმჯდომარის პირველი მოადგილის რანგში - 28 984.20 ლარი.
  • ლევან კუპატაშვილი: 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში მუშაობდა სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმახორციელებელ კონსულტანტად (ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები), რისთვისაც ხელზე მიიღო 10 600 ლარი. სამსახურების გრაფაში ასევე ფიქსირდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • ნინო მღებრიშვილი: 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში მუშაობდა უფროს სპეციალისტად და მიიღო სულ 14 541 ლარი. შენიშვნაში მითითებულია, რომ უფროსი სპეციალისტის რანგში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 268.32 ლარი, ხოლო მთავარი სპეციალისტის რანგში - 11 273 ლარი.

ხელშეკრულებები, ფინანსური ვალდებულებები, შემოსავალი და გასავალი

დეკლარაციაში ასახულია წინა წელს დადებული და მოქმედი რამდენიმე ხელშეკრულება:

  • თანხის გასესხება: ლევან კუპატაშვილმა 2024 წლის 1 მარტს ზეპირი შეთანხმებით დეიდაშვილს ასესხა 7 900 აშშ დოლარი. ხელშეკრულება ძალაშია ვალდებულების შესრულებამდე, საიდანაც წინა წელს მიღებულმა მატერიალურმა შედეგმა შეადგინა 0 ლარი.
  • ნასყიდობა (სასაფლაო): 2025 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, რის შედეგადაც დაფიქსირდა გასავალი 18 000 ლარის ოდენობით.
  • საბანკო სესხი: ლევან კუპატაშვილმა 2025 წლის 20 ოქტომბერს "საქართველოს ბანკთან" გააფორმა სესხის ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 20.10.2025-დან 04.10.2027-მდე), რომლის საგნის ღირებულებაა 65 000 ლარია, ხოლო ხელშეკრულებით მიღებულმა მატერიალურმა შედეგმა შეადგინა 62 645.28 ლარი (შემოსავალი).

რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს და შემოსავლებს: კუპატაშვილს გასულ წელს დედისგან 20 000 ლარი აქვს ნასესხები, რომელიც უკან დაუბრუნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე ზედამხედველობას საერთაშორისო კონსორციუმის უფლებამოსილი ექსპერტები ფაქტობრივად არ ახორციელებდნენ და არც საქართველოში იმყოფებოდნენ, ყალბად შედგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებს ხელს აწერდნენ როგორც უცხოელი ექსპერტი, ისე ლევან კუპატაშვილი. პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე ადგილზე არმყოფ ექსპერტს 1.17 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება ჩაერიცხა, ხოლო სამშენებლო კომპანიამ შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით 3.86 მილიონ ლარს თაღლითურად დაეუფლა. უწყების შეფასებით, ხიდის ჩამონგრევისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 16 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები