მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზების დეპარტამენტში შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს

საქონელი გზაზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სისტემაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც უწყების მართვაში არსებულ გზებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს გამოავლენს. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ახალი სამსახური უზრუნველყოფს საავტომობილო გზების დანაგვიანებისა და ნარჩენების არასწორი მართვის ფაქტებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. დღემდე, სხვადასხვა უწყებებს შორის კომპეტენციის განუსაზღვრელობის გამო, მსგავს დარღვევებზე დროული რეაგირება პრობლემას წარმოადგენდა.

კანონპროექტის განხილვისას "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დეპუტატმა ილია ინჯიამ მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, იქნება თუ არა სამსახურის მოვალეობა საქონლის გზებზე დგომის და გადარეკვის პრევენცია, რომელიც მაგისტრალებზე ხშირად გვხვდება. რაზეც გიორგობიანმა უპასუხა, რომ ესეც მათი მოვალეობა იქნება.

"რეალურად უნდა გავმიჯნოთ ორ ნაწილად. ერთი არის შპს, რომელიც უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვას და მეორე იქნება პრევენციის სახით, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, დაბინძურების და ისევე უსაფრთხოების ნაწილს. ანუ, ამისათვის შეიქმნება უშუალოდ გზების დეპარტამენტში სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ასეთი ტიპის [პირუტყვის გზაზე გადასვლის] ღონისძიებების პრევენციას", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

მთავრობის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალ უწყებასთან დაკავშირებული ძირითადი დეტალები ასე გამოიყურება:

  • თანამშრომელთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი: ახალი სამსახური 25 თანამშრომლით დაკომპლექტდება, ხოლო მათი საშუალო თვიური სახელფასო ფონდი 120 000 ლარს შეადგენს.
  • ყოველწლიური დამატებითი ხარჯები: სრულფასოვანი ინსპექტირებისა და მონიტორინგისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა 300 000 ლარი საწვავისთვის, ხოლო 350 000 ლარი — მოვლა-შენახვისთვის.
  • ტექნიკური აღჭურვილობა: სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობისთვის ერთჯერადად 50 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული რესურსი აუცილებელია 6 000 კმ საავტომობილო გზის ქსელის სისტემური კონტროლისთვის.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ახალი სამსახურის შექმნა მიმდინარე წელსვე, კანონის ამოქმედებისთანავე იგეგმება. პროექტი არ ითვალისწინებს ახალი სახის სამართალდარღვევების შემოღებას, არამედ არსებულ დარღვევებზე (მაგალითად, ავტომობილიდან ნაგვის გადაყრა) რეაგირების უფლებამოსილება, სხვა უწყებებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც მიენიჭება.

სამსახურის დაფინანსების წყაროს 2026-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გზების დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებები წარმოადგენს. მთავრობა მოითხოვს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები