თუშეთის რეგიონის გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმრო "თუშეთის" თანამფლობელი, სოსო ბაბულაიძე აღნიშნავს, რომ, ომალომდე მისასვლელი გზის გაფართოებამ მიმდინარე სეზონზე ტურისტების ნაკადები გაზარდა, თუმცა კურორტზე გამოწვევები მაინც რჩება. მათ შორისაა ელექტრომომარაგების პრობლემა. ამის შესახებ ბაბულაიძემ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
"ივლისის შუა რიცხვიდან მოიმატა ტურისტის რაოდენობა, ამინდები გამოსწორდა და ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. დადებითია ისიც, რომ გზა გაფართოვდა და მანქანებს აღარ უჭირს ისე გადაადგილება, თვითონ მგზავრიც აღარ არის ისე დაძაბული, როგორც ადრე იყო, ნახევარი საათით შეამცირა თუშეთში ამოსვლის დრო, თვითონ შიდა გზებში რაღაც პრობლემები არის და ალბათ, ამასაც მოაგვარებენ.
პრობლემებს რაც შეეხება, პირველი პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს დენი და წყალია. ჩვენ ავტონომიურ რეჟიმზე ვართ და მზის ენერგიაზე გვაქვს ყველაფერი. მთათუშეთში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი, ელექტროენერგია საჭირო რაოდენობით და სიმძლავრით არ გაგვაჩნია და პატარა ჰესები აუცილებელი იქნებოდა ამ კუთხისთვის", - აღნიშნა "თუშეთის" თანამფლობელმა.
ადგილობრივებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა სასტუმროების საჭირო პროდუქტით მომარაგებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასტუმრო "თუშეთს" განთავსების ღირებულება არ გაუზრდია, პროდუქტები კი წლიდან წლამდე ძვირდება და მარაგების შესაძენად რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლაა საჭირო.
"ბაზარში პროდუქტის ფასი მომატებულია. თუშეთში ეს ყველაფერი ორმაგად და სამმაგად ძვირი ღირს, შეიძლება მეტიც იყოს, იმიტომ რომ 100 კილომეტრს გავდივართ აქედან, რომ წავიდეთ და ამოვიტანოთ პროდუქტი. აქ არც მაღაზიაა გარშემო, არც სუპერმარკეტი, არც ბენზინგასამართი სადგური, არაფერი. ეს ყველაფერი ჩვენ გამოგვაქვს ამ მანძილიდან და ძვირი ჯდება.
მაგრამ აქ ფასი რომ ასწიო, აზრი არ აქვს. იგივე ფასი დავტოვეთ სასტუმროში. ჩვენ სასტუმროს მაგალითზე, ორჯერადი კვებით კაცი 100 ლარი გვიღირს. შარშანდელი და წლევანდელი ფასი ერთი და იგივეა", - განმარტა სოსო ბაბულაიძემ.
"საქმიანი დილას" ეთერში სასტუმროს დამფუძნებელმა ტურისტების სეგმენტის ცვლილებაზეც ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, თუ აქამდე თუშეთს ევროპელ ტურისტთა 15-20-კაციანი ჯგუფები სტუმრობდნენ, ამჟამად მათი რაოდენობა შემცირებულია და კურორტზე საქართველოში ჩამოსახლებული რუსი და უკრაინელი მიგრანტები ჭარბობენ.
"ძირითადი დამსვენებლები უკრაინიდან არიან, წელს რუსებიც უფრო ბევრნი არიან შედარებით, ვიდრე სხვა წლებში, ეს ნაკადი ომის შემდეგ უფრო გაორმაგდა და, ადრე თუ თუშეთში ნაკლებად მოძრაობდნენ რუსი ტურისტები, დღეს უფრო დიდი ჯგუფები შემოდიან. არის მცირე ნაკადები, ორი-სამი-ოთხ კაციანი ჯგუფები, ძირითადად სლოვაკეთიდან, ან ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან... რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები ნაკლებად არიან, მათი თითქმის 80% საქართველოში ცხოვრობს", - აღნიშნავს ბაბულაიძე.
"თუშეთის" თანამფლობელმა აზიელი ტურისტების გააქტიურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სეგმენტი, ძირითადად, თბილისის გარშემო ჭარბობს და მაღალმთიან თუშეთში თითქმის არ ვხვდებით.




























