საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ, ღაზაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და ჰამასის ლიდერის, მუჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გამოსცა - ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.
ორდერის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ ან გალანტი ისრაელის საზღვრებს დატოვებენ, მათ დაპატიმრება ემუქრებათ. რაც შეეხება ჰამასის ლიდერს, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი ისრაელში მოკლეს.
ICC-ის მთავარმა პროკურორმა, ჰარიმ ხანმა, დაკავების ორდერი სასამართლოსგან ჯერ კიდევ მაისში მოითხოვა და ისრაელის ლიდერებს ღაზაში მასობრივი შიმშილობის, ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის "კრიმინალურ პასუხისმგებლობას" აკისრებდა. 21 ნოემბერს სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, მკვლელობებში, წამებაში, ტყვეების აყვანაში მუჰამედ დეიფის ბრალეულობა დაადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების შესახებ, ხელს სამი მოსამართლე აწერს: "არსებობს საფუძვლიანი გარემოებები იმის დასაჯერებლად, რომ ორივე პირმა, ნებით თუ უნებლიეთ, ხელი შეუშალეს ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გადარჩენისთვის საჭირო პროდუქტებით, საკვებით, სასმელი წყლით, მედიკამენტებითა და სამედიცინო ნივთებით, ასევე საწვავითა და ელექტროენერგიით მომარაგებას".
ისრაელი ჰააგას სასამართლოს ვერდიქტს არ ეთანხმება და ბრალდებას ღაზაში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ უარყოფს. საპასუხოდ სასამართლო აცხადებს, რომ ICC-ის იურისდიქცია ისრაელისგან ვერდიქტზე თანხმობას არ მოითხოვს.