ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გამოსცა. საუბარია სამ ადამიანზე და აღნიშნულ პირებს 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს კონკრეტული სამხედრო დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად.
პროკურორი შემდეგი პირების დაპატიმრებას ითხოვს:
– გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
– ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
– დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში".
როგორც პროკურორი აღნიშნავს, გამოძიება ჩატარდა ობიექტურად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად, ყველა სტანდარტის დაცვით.
"იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შეაგროვა ჩემმა ოფისმა, მაქვს მყარი საფუძველი მჯეროდეს, რომ ამ სამ ადამიანს ეკისრება კრიმინალური პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის სამხრეთ ოსეთის, საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 8–27 აგვისტოს ჩათვლით. კონკრეტულად საუბარია: უკანონო პატიმრობაზე, წამებაზე, არაადამიანური მოპყრობაზე, ღირსების შეურაცხყოფაზე, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაცემაზე.
ჩემი განაცხადი დაკავების ორდერებზე კონკრეტულად ეხება უკანონო პატიმრობას, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანას რუსეთის ფედერაციის მიერ ",– აცხადებს პროკურორი.
და აქვე აღნიშნავს, რომ გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც გამოძიების მტკიცებით ამ დანაშაულების ჩადენაში მონაწილეობდა. თუმცა ის ახლა გარდაცვლილია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) 2016 წლიდან იძიებს.

























