მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HACCP-ის სტანდარტი - რისთვის უნდა იყოს მზად პურის ბიზნესი?

BM.GE
17.02.23 18:19
413
რა ტიპის რეგულაციებს უნდა ელოდოს პურის ბიზნესი 2023 წლის მეორე ნახევრიდან. საქმე ეხება ვალდებულებას, რომელიც სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება – კერძოდ, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას HACCP– რომელიც 2023 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დაინერგოს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის მთავარი არსი შემდეგია – ყოველი კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ხდება მასში ისეთი სტადიების - „წერტილების“ - გამოვლენა, რომელზეც რაიმე შეცდომამ, მოუფრთხილებლობამ, შემთხვევითობამ, უნიათობამ ან სხვა გარემოებამ შეიძლება საბოლოო პროდუქტის დეფექტი გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი წარმოადგენს „კრიტიკულ წერტილს“, რომელზეც მუდმივი კონტროლი უნდა დამყარდეს, ანუ უნდა შემუშავდეს პროცედურა, რომლითაც მუდმივად, რუტინულად შემოწმდება, მოხდა თუ არა ის შეცდომა, რომელიც ამ ეტაპისთვის კრიტიკულია და დადგინდეს რუტინული პროცედურა წუნის გაუვნებელყოფისთვის. 

HACCP–ს სტანდარტის დანერგვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. კოდექს ალიმენტარიუსის მიხედვით, საწარმოში „“ სისტემის დანერგვა 7 ნაბიჯისგან შედგება.

პირველი – პროდუქტის და მისი მომზადების ტექნოლოგიის შესწავლა – ეს იმისთვის არის საჭირო რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო საფრთხე ანუ დეფექტი, რაც ამ პროდუქტს შეიძლება სჭირდეს; 

მეორე – ე.წ. კრიტიკული სტადიების / წერტილების დადგენა – ეს გულისხმობს პროდუქციის წარმოების ხაზზე იმ სტადიების გამოვლენას, როცა დეფექტი შეიძლება წარმოიშვას; 

მესამე – კრიტიკული წერტილებისთვის კრიტიკული პარამეტრების შესაბამება – რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი "კრიტიკული წერტილისთვის" უნდა შეირჩეს ისეთი პარამეტრი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, წარმოიშვა პროდუქტის დეფექტი ანუ დაირღვა უვნებლობა თუ არა; 

მეოთხე – ყოველ კრიტიკული წერტილში უნდა აეწყოს წუნის კონტროლის სისტემა - ანუ ოპერატორმა, ან ავტომატმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს კრიტიკული პარამეტრი და თუკი იგი დადგენილ ზღვარს აჭარბებს - დაიწუნოს პარტია;

მეხუთე – იმ ღონისძიების დადგენა, რომელიც ხორციელდება დაწუნებული პარტიის მიმართ;

მეექვსე – ორმაგი დაცვა - შემმოწმებელთა კონტროლი - რეგულარული, რუტინული პროცედურა, რომლითაც მოწმდება, თუ რამდენად გულდასმით და უწყვეტად მუშაობს წუნის კონტროლის სისტემა ყოველ კრიტიკულ წერტილზე; 

და ბოლოს – ყველა ეტაპის დოკუმენტირება-აღრიცხვა - ვინ და როდის შეამოწმა, რა პარამეტრი, რა მნიშვნელობა მიიღო, რა ზომები განახორციელა. გულდასმით უნდა იწარმოებოდეს აღრიცხვის ჟურნალები, სადაც ეს ყველაფერი იწერება. ეს ჟურნალები, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

უფრო კონკრეტულად რისთვის უნდა იყოს მზად პურის ბიზნესი 2023 წლის მეორე ნახევრიდან და როგორ შეიძლება მოემზადოს ამ რეგულაციებისთვის უფრო ეფექტიანად?

სტუმარი: ანა გემაზაშვილი - სეს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები