მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰაერიდან ახალი ინვესტორები ვერ მოვლენ, მიზანი და ხედვაა საჭირო - ქეთევან ბოჭორიშვილი

631a4c108dbef
ალა ისპირიანი
09.09.22 00:00
1056
2021 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 1.241 მლრდ დოლარი იყო.„საქსტატის“ მონაცემებით, FDI-ის დაზუსტებული მაჩვენებლები წინასწარ მონაცემებთან შედარებით 7.7%-ით მეტია, პანდემიური 2020 წლის მონაცემს კი 2.1-ჯერ აღემატება.

„საქსტატის“ განმარტებით, დაზუსტებულ მაჩვენებლებში ზრდა რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტებამ განაპირობა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჯამურ ინვესტიციებში რეინვესტირების მაჩვენებელი 769.9 მლნ დოლარი იყო, რაც მთლიანი პორტფელის 62%-ია.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ უკვე არსებული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების განხორციელება კარგია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ინვესტორების მოზიდვა.

„აუცილებელია გავაანალიზოთ ქვეყანაში ახალი სახეები თუ შემოდიან, რადგან ეს მიუთითებს ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით რამდენად აქტიურად ვმუშაობთ. ინვესტიციების უდიდესი წილი რეინვესტიციაზე მოდის და ეს კარგია თუმცა ვერ ვხედავთ ახალ სახეებს, ახალ ინვესტიციებს და ახალ ქვეყნებს, რაზეც მუშაობა აუცილებელია.

მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობით ძალიან დიდი პერსპექტივა გაგვაჩნია, რადგან რეგიონების მიხედვით საწარმო ჯაჭვის შექმნა ხდება. ამ შემთხვევაში ჩვენი როლის რელევანტურობის წარმოჩინება უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, ლოგისტიკური და სასაწყობე მეურნეობას და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით დიდი ინვესტიციები უნდა დავინახოთ.

ამასთან, მსოფლიოში დიდი გამოწვევებია და კომპანიები ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს აქტიურად ეძებენ. აქ უნდა შევეცადოთ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩვენი შესაძლებლობები დადებითი მხარით წარმოვაჩინოთ.

ჰაერიდან ინვესტორები ვერ მოვლენ და ჰაერიდან ვერც ფული ჩაიდება ქვეყანაში. კონკრეტული პროექტებია შესამუშავებელი. ინვესტიციების მოზიდვა ყოველდღიური დღის წესრიგს უნდა წარმოადგენდეს. საჭიროა ხედვა გვქონდეს და თუ ჩვენ ინვესტორებს დავანახებთ რა მიზანი და გეგმები გვაქვს შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში, ახალი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები