"ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დღეს დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, ეს არ არის დამამშვიდებელი მდგომარეობა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ ეს არ არის კატასტროფული მდგომარეობა და თბილისი ნამდვილად არ არის ნომერ პირველი ქალაქი დაბინძურების მხრივ.
"საქართველოს 25 წერტილში ჩავატარეთ ინდიკატორული გაზომვები, უმეტესობა დედაქალაქში. მთავარი პრობლემა, არის აზოტის დიოქსიდი. დედაქალაქში გვაქვს ადგილები, მაგალითად მეტრო ,,პოლიტექნიკური“, რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, სადაც ორჯერ აღემატება აზოტის დიქოსიდის შემცველობა ნორმას. ეს გამონაბოლქვის ბრალია, რაც დიდი სატრანსპორტო ნაკადებითაა განპირობებული. ამიტომ, ერთი მხრივ აუცილებელია საწვავის ხარისხი აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და მეორე მხრივ ავტომობილს ჰქონდეს გავლილი ტექდათვალიერება და ჰქონდეს კატალიზატორი, რომელიც გამონაბოლქვს ამცირებს", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრობლემურია გარკვეული ადგილები რეგიონებშიც. მაგალითად, ქუთაისში - ჭავჭავაძის ქუჩა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ბათუმში ტერმინალის შესასვლელთან არსებული მიდამო, თუმცა არის ისეთი ადგილებიც, სადაც აზოტის დიოქსიდი ნორმაშია, მაგალითად, ყაზბეგსა და სიღნაღში. ნინო თანდილაშვილმა ტენდენციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ იმ ადგილებში, სადაც გაზომვები ტარდება, გადაჭარბება მუდმივად ფიქსირდება და მას სტაბილური სახე აქვს.

























