მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაერის ხარისხი თელავშიც გაკონტროლდება - მონიტორინგის სადგური უკვე ამოქმედდა

ჰაერის ხარისხის სადგური

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს კახეთში, კერძოდ, თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. აღსანიშნია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 16 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 2 მობილური.

კახეთში ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილე ევა ატერლოვ ფრისელმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გახსნეს. ცნობისთვის, სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში ამოქმედდა.

„მონიტორინგის ქსელის განვითარება გვაძლევს საშუალებას, მაღალტექნოლოგიური სადგურის საშუალებით არა მხოლოდ თელაველებს, არამედ ყველას, ვინც თელავს ესტუმრება, ჰქონდეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სადგური განთავსდა სკოლის ეზოში; მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და მონაცემებზე წვდომა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და დიდი მიღწევა. შესაბამისად, შვედეთის მთავრობა ამ მიმართულებით განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას“, - აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ევა ატერლოვ ფრისელმა.

აღსანიშნავია, რომ ავტომატური სადგური აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და შესაძლებლობას იძლევა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს. მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირბადის მონოქსიდის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონის (O3), მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) და BETX (ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი და ქსილენი) შემცველობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები