პრემიერმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. პრემიერის განცხადებით, მწვანე ეკონომიკის განხორციელება პირველი რიგის ამოცანად რჩება.
„ დღეს გარემოს დაცვითი პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ კუთხით განხორციელებული პოლიტიკა იყო სრულად მიუღებული. ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული.
ჩვენი ევროპელი მეგობრები ამ მხრივ პრინციპულ ნაბიჯებს დგავენ, ჩვენ უნდა გვქონდეს ორი პრიორიტეტი: უნდა აღმოვფხვრათ მძიმე მემკვიდრეობა და უახლოეს წლებში შევქმნათ და მივიღოთ შედეგები რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას როგორც მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყანას“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ ის ნაბიჯები რომელიც გადაიდგა არ იყო საერთო სტრატეგიის ნაწილი და მან უკუშედეგი გამოიღო.
„ყველა ნაბიჯი რომელსაც ჩვენ გადავდგავთ იქნება საერთო ხედვის და სტარტეგიის ნაწილი. შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოს დაცვითი სტანდარტები და ის უნდა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. უფრო მკაფიო ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ კუთხით.
განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი მით უფრო მეტად დგას ეს პრობლემა. კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები, რათა სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ვიწყებთ ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას. ავტომატური მონიტრინგის ცენტრი ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას გვაძლევს“, - ამბობს პრემიერი.
მისივე თქმით, შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ნახონ, კონკრეტულ ლოკაციაზე ჰაერის ხარისხი.
„ ჩვენ უნდა შემოვიღოთ გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი. ეფექტური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რათა მთავრობა იყოს ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას“, - ამბობს ბახტაძე.