მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაერში ტყვიის შემცველობას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ გამოიკვლევენ

5bb1a40f41e4e
მაია ბიწაძე
01.10.18 09:30
855
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ გამოიკვლევს, ამის შესახებ Bm.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული კვლევები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ქალაქში სხვადასხვა ლოკაციებს მოიცავს.

,, ძალიან აქტიურად დავიწყეთ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი. ჩვენ ყოველკვირეულად ვარჩევთ ლოკაციებს, სადაც ე.წ ,,ასპირატორს“ განვათავსებთ. ამ დანადგარით ხდება მტვრის აღება, რომელსაც შემდეგ ლაბორატორიულად ვიკვლევთ, რათა განვსაზღვროთ გვაქვს, თუ არა დედაქალაქში ადგილები, სადაც ტყვიის გადაჭარბებული შემცველობაა ჰაერში. მომავალ კვირას გვინდა რამოდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს სინჯების აღება და გაზომვა და ამას სისტემატური ხასიათი ექნება. ანუ, წლის ბოლომდე და მომდევნო წელსაც ჩვენ ჩავატარებთ აღნიშნულ კვლევას. გვექნება კონკრეტული, ყოველკვირეული სამოქმედო გეგმა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ კი საზოგადოებას ანგარიშს წარვუდგენთ“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გასულ კვირას კვლევა ოთხ ადგილას განხორციელდა, კერძოდ, თამარაშვილისა და ყაზბეგის გამზირებზე, ფილარმონიასთან და გლდანის პირველ მიკრორაიონში იქნა აღებული სინჯები, ანუ შერჩეული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დატვირთული ლოკაციები, თუმცა არცერთ ადგილას ჰაერში ტყვიის ნორმაზე მეტი შემცველობა არ გამოვლენილა. ,, გვინდა, რაც შეიძლება ბევრი ადგილი მოვიცვათ დედაქალაქში, პროცესში ჩართული გვყავს იტალიელი ექსპერტი და მისი დახმარებით ხდება ლოკაციების შერჩევა. გარდა ამისა, ვმუშაობთ ატომსფერული ჰაერის პორტალზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ავტომატურ რეჟიმში შეეძლება მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ. აქვე გვინდა დავამატოთ ჯანდაცვის კუთხით რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ ჰაერში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა იქნება გამოვლენილი. მზადდება მობილური აპლიკაციაც, რათა ტელეფონის საშუალებითაც შეძლოს მოსახლეობამ ამ ინფორმაციის მიღება“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მისივე თქმით, სააგენტო მუშაობს მოდელირების სისტემის დანერგვაზეც, რაც წლის ბოლომდე იქნება მზად. ,, იქ სადაც არ გვაქვს ავტომატური სადგურები, მოდელირების სისტემის დახმარებით გარკვეული სიზუსტით შევძლებთ ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრავს, რომ იმ მოსახლემაც, რომლის სახლის მახლობლადაც არ გვექნება ჰაერის კვლევის ავტომატური სისტემა, შეეძლოს ინფორმაციის მიღება ჰაერის დაბინძურების შესახებ“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


ფოტო: რადიო თავისუფლება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები