ჰაიტიში კრიმინალური დაჯგუფება Gran Grif-ის წევრებმა, ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ რეგიონში, მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 70 ადამიანი დაიღუპა - თავდასხმის დროს ტერიტორიაზე 6 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მედიის ცნობით, თავდასხმა 3 ოქტომბრის დილას, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, არტიბონიტის რეგიონში მოხდა. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა Gran Grif-ის ლიდერმა, ლუქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ მიზეზი "ჰაიტის მოქალაქეების პასიურობა იყო, როდესაც ქვეყნის პოლიცია და სხვა ძალადობრივი ჯგუფები დაჯგუფების წევრებს კლავდნენ".
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 270 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა ნაწილიც მეზობელ რეგიონებში დაბანაკდა.
ადგილობრივი უწყებების ცნობით, დაჯგუფების წევრებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას, გადაწვეს სახლები და ავტომობილები. მედიის ინფორმაციით, ეს იყო ჰაიტიში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა.
ამჟამად შემთხვევის ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გამკაცრებული კონტროლი და პატრულირება მიმდინარეობს. მობილიზებულია ჯავშანმანქანაც.

























