ჰაკერები Yahoo-დან მოპარულ მონაცემებს ე.წ. შავ ბაზარზე ყიდიან. ამის შესახებ CNN Money წერს. 2013 წელს ჰაკერებმა Yahoo-ში ერთ მილიარდზე მეტი ანგარიში გატეხეს და პერსონალური მონაცემები მოიპარეს, მათ შორის იმეილები, პაროლები, უსაფრთხოების შეკითხვები და ა.შ.
გამოცემის ინფორმაციით, ახლახანს აღმოჩენილი ჰაკერული თავდასხმა Yahoo-ზე უკვე მიიჩნიეს ყველაზე დიდ ჰაკერულ თავდასხმად ისტორიაში, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ მოპარული ინფორმაცია ე.წ. შავ ბაზარზე, ერთ-ერთ საიტზე იყიდება. ჰაკერები ინფორმაციას სამ ნაწილად, თითოს 300 ათას დოლარად ყიდიან. „ბიბისი“ კიბერუსაფრთხოების ვებ-გვერდ InfoArmor-ის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოპარულ მონაცემებში არის პირადი ინფორმაცია ისეთი დაწესებულებების თანამშრომლოების, როგორიცაა FBI, NSA, თეთრი სახლი და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

























