ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ტურისტულ ატრაქციონზე, ზემო ავსტრიის სოფელ ჰალშტატში, ტურისტების ბუმი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ზალცკამერგუტის რეკრეაციულ ზონაში მდებარე მომაჯადოებელ სოფელში მცხოვრებნი ადგილობრივი მთავრობისგან, ტურისტული ნაკადის შემცირების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ.

ავსტრიული და გერმანული გამოცემების ცნობით, გადამეტებულად მეტი ტურისტების რაოდენობა ადგილობრივებს გარკვეული სახის პრობლემებს უქმნის. ხმაური, დანაგვიანება, დრონებით გადაღება - ეს და სხვა საკითხები სოფლის 800 მაცხოვრებლისთვის მიუღებელია.

საკითხზე მსჯელობა ჰალშტატის მერმაც დაიწყო. როგორც გერმანულენოვან მედიას ალექსანდერ შოითცმა განუცხადა, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ამ ეტაპისთვის განიხილება, ტურისტებისთვის ვიზიტის საათობრივი შეზღუდვა და მაღალი საპარკინგო გადასახადის დაწესება.
ყოველწლიურად ჰალშტატს მილიონობით ტურისტი სტუმრობს. სოფელი განსაკუთრებით პოპულარობით ჩინელ დამთვალიერებლებში სარგებლობს. ზაფხულის სეზონზე ზღაპრულ დასახლებაში დღეში 7000 ადამიანი ჩადის.

ავსტრიული პრესის ინფორმაციით, გასულ წელს სოფელს 19 300 ტურისტული ავტობუსი და 193.00 ავტომობილი ესტუმრა. გარდა ამისა, სოფელში მოხვედრა გემებითაც არის შესაძლებელი, რომლებსაც წყლის მეორე მხრიდან, რკინიგიზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველდღიურად უამრავი ტურისტი გადაჰყავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთმა 2012 წელს ჰალშტატის დუპლიკატი შექმნა. სახალხო რესპუბლიკის გუანგდონგის პროვინციაში სწორედ ავსტრიული სოფლის ანალოგი აქვთ, რომლის გაკეთებაც ჩინეთის მთავრობას 900 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

























