მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

ჰამასი

პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანის სანაცვლოდ ისრაელთან ომის დასრულებისა და იარაღის ჩაბარების შეთანხმებას ხელი მოაწერა. შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს „ჰამასის“ სრულ განიარაღებას, რაც რეგიონში ახალი პალესტინური მმართველობის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება. ისრაელის არმია ტერიტორიის დატოვებას განიარაღების პროცესის დასრულების პარალელურად დაიწყებს.

რაც შეეხება შეთანხმების განხორციელების მექანიზმებს, პროცესს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ გააკონტროლებს. ეს გეგმა ყველა მიწისქვეშა გვირაბის, იარაღის საწყობისა და სამხედრო წარმოების ობიექტის სრულ განადგურებას ითვალისწინებს. ღაზას სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები ადგილობრივ პოლიციასთან ერთად გადაიბარებენ. სამოქალაქო მართვას ეტაპობრივად ჩაიბარებს ღაზას ადმინისტრირების ეროვნული კომიტეტი, რომელიც სრულ უფლებამოსილებას მალე მიიღებს.

„ჰამასის“ მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა ღაზი ჰამადმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ დათმობებზე წასვლა პალესტინელი ხალხის გადასარჩენად გადაწყვიტა. მისივე თქმით, შეთანხმების განხორციელების ვადებსა და მექანიზმებს მხარეები შუამავლებთან ერთად კაიროში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ამ პროცესს, სავარაუდოდ, ორი კვირა ან მეტი დასჭირდება.

თავის მხრივ, „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელმა ნიკოლაი მლადენოვმა აღნიშნა, რომ ჯარების გაყვანა და განიარაღება ზუსტად სინქრონიზებული გრაფიკით უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები სრულად არ შეწყვეტილა. ოქტომბრის შემდეგ განხორციელებულ დარტყმებს ღაზის სექტორში 1,200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი კვლავ დროებით კარვებში ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები