მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ტერიტორიაა, რომელიც პალესტინის ეროვნული მთავრობის და ისრაელის თავდაცვის ძალების სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება.
მართალია, რეგიონში ჰამასის წევრებიც აქტიურად არიან წარმოდგენილნი, თუმცა ამ ტერიტორიას ტერორისტული ორგანიზაცია ვერ აკონტროლებს, განსხვავებით ღაზის სექტორისა, რომელიც 2006 წლის შემდეგ ჰამასის გავლენის ქვეშაა.
თავისი არსით, დასავლეთ სანაპირო და ღაზის სექტორი სამხედრო ბლოკადაში მყოფი, პალესტინელებით დასახლებული ტერიტორიები არიან, ამიტომაც მათ შორის არაერთი მსგავსებაა, თუმცა მთავარი განსხვავება სწორედ ჰამასია.
რეგიონზე ტერორისტული ორგანიზაციის გავლენის წარმოსაჩენად შეგვიძლია რამდენიმე პარამეტრი განვიხილოთ. დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთ სანაპირო დაახლოებით 3 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს, ღაზის სექტორი კი - 2.5 მილიონს. მოსახლეობის თითქმის ერთნაირი მაჩვენებლების მიუხედავად, მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა ეკონომიკური კუთხით.
დასავლეთ სანაპიროს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 17 მილიარდ დოლარს აჭარბებს. შედარებისთვის, ღაზის სექტორის ეკონომიკა $2 მილიარდია.
ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, მათი 50% კი უმუშევარია. დასავლეთ სანაპიროს შემთხვევაში უმუშევრობის დონე 10-15%-ის ფარგლებშია.
ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრით ვითარება ანალოგიურია. ღაზის სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი კი, ტერიტორიის მოცულობის გარდა, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასია, რომელიც ღაზის მასშტაბით დომინირებს.
ტერორისტული დაჯგუფების მმართველობის ქვეშ, რეგიონი ვერ ვითარდება. საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარება, უმეტესწილად, ჰამასის საკუთრება ხდება, ღაზის სექტორში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი კი ისედაც ჰამასის კონტროლს ექვემდებარება. ძალის ასეთი გადანაწილების ფონზე, ღაზაში ექსტრემალურად მაღალია ჰამასის ჯგუფის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რაოდენობა, რადგან ჰამასთან წინააღმდეგობის გაწევა, ძირითადად, ნებისმიერი მოქალაქისთვის ფატალურად სრულდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობამ 2006 წლის არჩევნებში ჰამასს თავად დაუჭრია მხარი. მართალია, ჰამასის ლეგიტიმურობას აშშ არ აღიარებს, თუმცა ფაქტია, რომ ტერიტორიას ის მართავს და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რეგიონი ვერ ვითარდება, განსხვავებით დასავლეთ სანაპიროსა, რომელიც 2006 წელს თითქმის ანალოგიურ ეკონომიკურ ვითარებაში იყო.