ჯოან როულინგის ლეგენდარული ,,ჰარი პოტერი’’ სულ მალე შესაძლოა სატელევიზიო შოუს სახით ,,HBO Max-ზე’’ ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თითოეულ წიგნს თითო სეზონი დაეთმობა.
სავარაუდოა, რომ შოუ გადაიცემა HBO Max-ისა და Discovery+-ის გაერთიანების საერთო სტრიმინგ პლატფორმაზეც. ეს სერვისი ამუშავდება 2023 წლის ზაფხულში და ეღირება დაახლოებით 20 დოლარი თვეში, რაც 5 დოლარით მეტია, ახლანდელ საფასურთან შედარებით.
,,ჰარი პოტერის'' სერიალის შესახებ ჭორები წლების განმავლობაში ტრიალებდა ფენტეზი ჟანრის გულშემატკივრებში, მაგრამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა თავად როულინგის სოციალური პოზიციები. მწერალს ხშირად აკრიტიკებდნენ თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და LGBTQ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების გამო, როგორც ონლაინ ისე მის ნაშრომებში.
როულინგის კიდევ ერთი ნაწარმოების "ფანტასტიკური მხეცების" ფრენჩაიზისგან განსხვავებით, ,,ჰარი პოტერის" სატელევიზიო შოუ მოგვიყვება ისტორიას, რომელიც უკვე გათამაშებული იყო დენიელ რედკლიფის, ემა უოტსონისა და რუპერტ გრინტის მიერ 2001 წლიდან 2011 წლამდე. თავად ბრიტანელ მწერალს შეეძლება შოუს კრეატიული პროდიუსერის როლის მორგება, მაგრამ არა ძირითადი შემქმნელის.