მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები ხაზარაძე/ჯაფარიძის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ

ჰარვარდი

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (OPM 29) მეგობრები და კურსდამთავრებულები ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ. წერილში, რომელსაც ხელს 37 პირი აწერს, საუბარია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილსა და საქართველოს მომავლისადმი ერთგულებაზე.

წერილის ავტორები სასამართლოს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ არა მხოლოდ საქმის მასალები და ფაქტები, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პიროვნული ღირებულებები და კონტრიბუცია, რომელიც ბიზნესმენებმა თავიანთი სამშობლოს გაუმჯობესებაში შეიტანეს.

"მამუკას ორ ათწლეულზე მეტია ვიცნობთ. ერთად გატარებული დროის და შემდგომი წლების განმავლობაში, მან გამოავლინა ღირსება, ადამიანობა და მორალური ზნეობა. ყველა, ვინც მამუკას იცნობს, დაადასტურებს მის მაღალ პასუხისმგებლიანობას და მისწრაფებას შენებისადმი, ნაცვლად ნგრევისა. იგივე შეიძლება ითქვას ბადრიზეც - საიმედო ბიზნესპარტნიორსა და ღირსეულ კაცზე.

მამუკამ და ბადრიმ თავიანთი ცხოვრება გაძლიერებული საქართველოს წარმოდგენასა და აშენებას მიუძღვნეს. ერთად დააფუძნეს TBC ბანკი, საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედი. გამოაცოცხლეს ბორჯომის მინერალური წყალი, აღადგინეს შატო მუხრანი და მისი ისტორიული მეღვინეობა და, სხვა პატიოსან მიღწევებთან ერთად, თბილისში დააფუძნეს ამერიკული აკადემია - მსოფლიო კლასის ინსტიტუცია. მათი კონტრიბუცია მნიშვნელოვნად სცდება ბიზნესის ფარგლებს. ისინი არიან საქართველოს კულტურული ცხოვრების ენთუზიასტი მხარდამჭერები, ინვესტორები ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და სპორტში. მათი ფილანთროპული ძალისხმევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი ანტრეპრენიორული წარმატება.

მამუკა და ბადრი არ არიან მხოლოდ წარმატებული ანტრეპრენიორები, ისინი პატრიოტები არიან. მათი ქმედებები მუდმივად თავიანთი სამშობლოს ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული. მათ მიიქციეს საერთაშორისო ყურადღება, მოიზიდეს ინვესტიციები და დაეხმარნენ თქვენს ქვეყანას თანამედროვე, ინკლუზიურ და პატივსაცემ სახელმწიფოდ ქცევაში.

გვიჭირს მათი დადასტურებული ღირსების, გლობალური პოზიციისა და ქვეყნის შენების ათეულობით წლების შემდეგ მათ დაპატიმრებასთან შერიგება. პატივისცემით მოვუწოდებთ სასამართლოს, გაითვალისწინონ არა მხოლოდ ფაქტები საქმიდან, არამედ ამ ორი ამაყი ქართველის პიროვნება, მემკვიდრეობა და ღირებულებები", - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს, მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც გადაიხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები