მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

HDFOREX – ბირჟების მიმოხილვა

5add8034d8fa2
BM.GE
23.04.18 10:38
1262
გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო დოლარის გამყარება ყველა ვალუტასთან მიმართებით. ცალკე აღსანიშნია ფუნტ სტერლინგის კლება – ერთი მხრივ, საქმე ეხება ბრექსიტის თემას, ხოლო, მეორე მხრივ, კვირის სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.

ინგლისის პარლამენტში კვლავ იმართება დებატები იმის შესახებ, თუ რა გზით გამოვა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან. პარლამენტი მომხრეა იმისა, რომ „რბილად“ გამოეყონ ევროპას და შეინარჩუნონ გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები, რაც, თავისთავად, ქვეყნის ეკონომიკას ძალიან წაადგება. მიუხედავად მცდელობისა, ევროპა თავის პოზიციებს არ თმობს და სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირებას მას შემდეგ გადაწყვეტს, როდესაც საბოლოოდ შედგება ბრექსიტი. გარკვეული მოლაპარაკებები ადრე გაიმართა, თუმცა წარუმატებლად. ეს პროცესი დროში უკვე ძალიან გაიწელა და შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მხარეს არ აწყობს ასეთი მდგომარეობა. ახლო მომავალში ველით, რომ უკვე ვიხილავთ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები.

მნიშვნელოვანი იყო გასულ კვირას გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც, რომელიც უარყოფითად აისახა ფუნტ სტერლინგზე. აღსანიშნავია, რომ ამ თვეს გამოსული თითქმის ყველა მაჩვენებელი ეცემა. ეს კვირაც არ იყო გამონაკლისი. საშუალო ხელფასების მოცულობა იგივე მნიშვნელობით გამოვიდა, როგორც გასული მაჩვენებელი, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდა 0,2%–ით და შეადგინა 2,5%. კლება დაფიქსირდა საცალო გაყიდვების მონაცემზეც და შეადგინა -1,2%.

ასეთი ფონის გამო ფუნტ სტერლინგმა დოლართან მიმართებით დაიწყო კლება. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში 1,4350 ნიშნულიდან განავითარა დაღმავალი სვლა და მიაღწია 1,40 ნიშნულს.

ამ კვირას ნავთობზე ძლიერი აღმავალი სვლა შენელდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ვერ გადალახა ბარელზე 73$. ამ ეტაპისთვის არ არსებობს ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხების საფრთხე.

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ნავთობის ფასებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში რეკორდულად დიდი ნავთობმარაგებია და რომ ზღვებიც გადავსებულია ნავთობის ტანკერებით. ასეთ პირობებში კი ნავთობის ფასი კვლავ ზევით მიიწევს.მან ამაში ოპეკის ქვეყნები დაადანაშაულა. ამ განცხადებას გამოეხმაურა ოპეკის გენერალური მდივანი და ერთგვარად დაეთანხმა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნავთობის ფასს თავად ბაზარი არეგულირებს. ამ განცხადებების ფონზე ნავთობის ფასმა 0,6% დაკარგა.

კრიპტოვალუტების ბაზარზე დადებითი განწყობა ნარჩუნდება. მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაციამ 358 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ კვირის განმავლობაში ძირითად კრიპტოვალუტებზე დაფიქსირდა ზრდა. ბიტკოინის ფასმა მიაღწია 8500 ნიშნულს. თუ დადებითი ფონი კვლავ შენარჩუნდა, მაშინ მოსალოდნელია სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ბიტკოინის ფასი მივიდეს 10 000 ნიშნულამდე.

ამ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იქნება ევროზონაში ხუთშაბათს 15:45 სთ–ზე გამოსული მონაცემი საპროცენტო განაკვეთის შესახებ. ამ ეტაპისთვის საბაზისო პროცენტის ცვლილება არაა დაგეგმილი და იგი კვლავ დარჩება 0%–ზე. ასევე, არ შეიცვლება სადეპოზიტო პროცენტი და შეადგენს -0,4%–ს. მნიშვნელოვანი იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ბატონი მარიო დრაგის განცხადება მომავალი მონეტარული პოლიტიკის თაობაზე. შესაძლებელია, ბანკმა გადახედოს თავის პოლიტიკას და შეცვალოს მიმართულებები.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება პარასკევს დიდ ბრიტანეთში გამოსული მონაცემი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. მოსალოდნელია მონაცემმა დაიკლოს კვარტლის მასშტაბში 0,1%–ით და შეადგინოს 0,3%. რაც ეხება წლის მასშტაბს, იგი წინასწარი მონაცემით არ შეიცვლება და შეადგენს 1,4%–ს. ეს ინფორმაცია გამოვა 12:30 საათზე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები