ჰეილი ბიბერის კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბრენდი Rhode $1-მილიარდიანი გარიგებით e.l.f Beauty-მ შეისყიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია, რომელიც 28 წლის მოდელმა 2022 წელს დააფუძნა და სილამაზის ინდუსტრიაში კანის მოვლის ხაზითა და მინიმალისტური დეკორატიული კოსმეტიკით დაიმკვიდრა თავი, $800 მილიონ დოლარად გაიყიდა, საიდანაც $200 მილიონი ბიბერს აქციების სახით გადაეცა. ამასთან, კომპანიის გაყიდვების ზრდის ტემპის მიხედვით, ჰეილი ბიბერმა e.l.f-ისგან შესაძლოა, დამატებით $200 მილიონი მიიღოს.
ჰეილი ბიბერი, ისევე როგორც კომპანიის თანადამფუძნებლები და მმართველი გუნდი, Rhode-ის მენეჯმენტში კვლავ რჩებიან, თავად ბიბერი კი კრეატიული დირექტორის პოზიციას დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ Rhode-მა ინტერნეტპოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ბრენდად იქცა. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა, მიმდინარე წლის მარტამდე, $200 მილიონს გადააჭარბა, რაც ბრენდისთვის დამახასიათებელი ტუჩის ბალმების ხაზის განსაკუთრებული პოპულარობითაც აიხსნება. ბრენდი წელს Sephora-ს ქსელშიც გამოჩნდება.
ჰეილი ბიბერის მიერ კოსმეტიკის ბრენდის შექმნა ფეხდაფეხ მიყვება ცნობილი ადამიანების მიერ სილამაზის ინდუსტრიაში საკუთარი ბრენდების შექმნის ტენდენციას. მათ შორისაა, მაგალითად, Rihanna, რომლის კომპანია Fenty Beauty-იც $3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამასთან, Rhode-ის გარიგება ვარსკვლავური ბრენდის გაყიდვის პირველი პრეცედენტი არ არის: 2020 წელს კაილი ჯენერმა Kiley Cosmetics-ში საკუთარი წილი $600 მილიონად გაყიდა.
Nielsen IQ-ის თანახმად, 2023 წელს ცნობილი ადამიანების კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბრენდებმა, ჯამურად, $1 მილიარდზე მეტის შემოსავალი დააგენერირეს.




























