ქართულ ბაზარზე პირველი ქართული ინოვაციური სტარტაპი Helio.AI გამოჩნდა.
Helio.AI ახალ ნაბიჯებს დგამს საქართველოს HR ეკოსისტემაში და იწყებს მის გაციფრულებას, თანაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. როგორც „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას Helio.AI-ს თანადამფუძნებელმა, იაკო ჯიქიამ აღნიშნა, პლატფორმა HR-ებს მისცემს შესაძლებლობას დაზოგონ დრო, ხარჯები და თავიანთი რესურსი, და ის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მოახმარონ.
„დღეს Helio.AI არის ერთადერთი რეკრუტინგის სისტემა, რომელმაც იცის ქართული, რომელსაც შეუძლია ქართულ რეზიუმეებს ემუშაოს. არანაირი ინტეგრაცია საჭირო არ არის და კომპანია თუ გადაწყვეტს, რომ ამ სერვისით სარგებლობა უნდა, შესაძლებელია მისთვის ზუსტად 5 წუთში ხელმისაწვდომი იყოს მთელი სისტემა. რითაც შეუძლია ერთობლივად მართოს თავისი ვაკანსიები, მიიღოს რეზიუმეები.“ - აღნიშნავს იაკო ჯიქია.
Helio.AI-ს შეუძლია 500 ვაკანსია 10-15 წამში გაარჩიოს და კომპანიის საჭიროებებთან შესაბამისობის მიხედვით, რეზიუმეები პროცენტების მიხედვით დაალაგოს.
Helio.AI-ს მომსახურების ღირებულება არ არის განსაზღვრული და ის დამოკიდებულია კომპანიების საჭიროებიდან გამომდინარე.
Helio.AI-ის დიდი გეგმებიც აქვს. გუნდმა გადაწყვიტა, შეცვალოს რეკრუტინგის პროცესი და ადამიანების გამოცდილებასთან ერთად, წინ წამოწიოს რბილი უნარები, ქცევები და ფასეულობები. ამისათვის კანდიდატების პროფაილინგის შედგენას უნიკალური მეთოდით - გემიფიკაციით გეგმავს.
„ამისთვის გვაქვს გეგმაში, რომ გავაკეთოთ ნეირომეცნიერული თამაში. კანდიდატი 20 წუთის განმავლობაში „ვეარ სათვალით“ ითამაშებს, რომელსაც არ აქვს ლოგიკური დასასრული, მოგება ან წაგება. უბრალოდ კანდიდატის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში აკეთებს პროფაილს, რომელიც განსაზღვრავს ქცევებს, თვისებებს და ადგენს კანდიდატი რამდენად შეესაბამება კომპანიის კულტურასა და ღირებულებებს.“ - განაცხადა იაკო ჯიქიამ.
Helio.AI სამი კვირაა, რაც სატესტო რეჟიმში ჩაეშვა და უკვე 10-ზე მეტ კომპანიას უფასო ვერსია ჩაეტვირთა.