ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორი რუსუდან ლაგვილავა საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებას აფასებს, რომლის მიხედვით, 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
კლინიკის დირექტორის განმარტებით, ბოლო კვირაში ჩატარებული სამედიცინო პროცედურები კლინიკისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ სახარჯ მასალებზე ეკონომია არ გააკეთეს.
„მოვიდეს ჯანდაცვის სამინისტროდან ექსპერტი და ჩვენთან ერთად გაიაროს ყველა ხარჯი. ერთი კვირის განმავლობაში იყოს კლინიკაში და გამცეს პასუხი, როგორ დავზოგო შუნტირების ოპერაციაზე ერთ პაციენტზე მედიკამენტებზე 1100 ლარი. ახალი ტარიფით მიწევს, საოპერაციო გუნდს 900 ლარით შევუმცირო ხელფასი“, - განაცხადა გადაცემა „საქმიან დილაში“ რუსუდან ლაგვილავამ და დასძინა, რომ კლინიკების მხრიდან ახალი ტარიფებით მუშაობა პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის.
როგორც რუსუდან ლაგვილავა განმარტავს, მათ არ აქვთ უფლება საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტს თანხა დაამატებინონ მაშინაც კი, თუ თავად პაციენტი გამოთქვამს სურვილს, ზესტადნარტული მომსახურებით ისარგებლოს.
„ჩვენ რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, ვსვამთ კითხვას - აქვს თუ არა ადამიანს უფლება, მოითხოვოს ზესტანდარტული მომსახურება. პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებს რუსუდან ლაგვილავა.

























