ჰელსინკის კომისია საქართველოს საკითხზე 28 იანვარს ბრიფინგს გამართავს. როგორც კომისიის ვებგვერდზე წერია, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ბრიფინგზე სიტყვით გამოვლენ: McLarty Associates-ის მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაში წერია, ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას საქართველოში, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციისთვის, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის საჭირო სამომავლო გზებს.
„2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში შეიყვანა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს“, - ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომისიის თქმით „მკაცრი ზომები, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იქნა მიმართული“.
„ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც დემონსტრანტებს იურიდიულ დახმარებას უწევენ, ჟურნალისტები დააკავა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოჩვენებით სასამართლო პროცესებზე დაიბარა, ხოლო შემდეგ ისინი მათი ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო დააკავა. ახლა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა მაღალ ჯარიმებსა და ხანგრძლივი დროით პატიმრობას იწვევს“, - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.




























