Henley & Partners-ის პასპორტის ინდექსის თანახმად, 2025 წელს პასპორტთა სიძლიერის რეიტინგში აზიის ქვეყნები დომინირებენ, აშშ და დიდი ბრიტანეთი კი პოზიციებს კვლავ აუარესებენ.
კერძოდ, ყველაზე ძლიერი პასპორტი წელს სინგაპურს აქვს, რაც მის მოქალაქეებს მსოფლიოს 192 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევთ. მეორე ადგილს იკავებს იაპონია 190 ქვეყნით, ხოლო მესამეს - სამხრეთ კორეა; ამ პასპორტის მფლობელები მსოფლიოს 189 ქვეყყანაში მოგზაურობენ უვიზოდ.
188 მიმართულებით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ და რეიტინგში მეოთხე ადგილს ინაწილებენ: გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი და ესპანეთი.
მეხუთე ადგილს, 187 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის უფლებით, ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები და შვეიცარია იკავებენ.
ათეულში ასევე ხვდებიან:
მე-6 ადგილი - 186 ქვეყანა - საბერძნეთი, უნგრეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია
მე-7 ადგილი - 185 ქვეყანა - ჩეხეთი, პოლონეთი
მე-8 ადგილი - 184 ქვეყანა - ავსტრალია, მალტა, დიდი ბრიტანეთი
მე-9 ადგილი - 183 ქვეყანა - ხორვატია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, აგს
მე-10 ადგილი - 182 ქვეყანა - კანადა, ლატვია
რეიტინგში ყველაზე მკვეთრი კლება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პასპორტებმა განიცადეს. თუ დიდი ბრიტანეთის პასპორტი 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იყო, 2025 წელს ის მე-8 ადგილზეა; რაც შეეხება აშშ-ს, რომელიც რეტინგში 2014 წელს დომინირებდა, ახლა რეიტინგში მე-12 ადგილზეა და უვიზოდ მის მოქალაქეებს 180 ქვეყანაზე აქვს წვდომა.
საქართველო ინდექსით 43-ე ადგილს ალბანეთთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, კირიბატისთან, მიკრონეზიასთან და პალაუს კუნძულებთან იყოფს. ქართული პასპორტის მფლობელებს უვიზოდ 122 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. ერთი პოზიციით ჩამორჩება საქართველოს მოლდოვა, ორით - რუსეთი და თურქეთი. აზერბაიჯანი და სომხეთი რეიტინგში, შესაბამისად, 70-ე და 72-ე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება უკრაინას, ის 31-ე ადგილზეა და წვდომა 145 ქვეყანაზე აქვს.




























