საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 149 ბოთლი კონიაკი HENNESSY XO - ს და 6 ბოთლი ვისკის JACK DANIEL’S - ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება შეადგენს 46 460 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

























