მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ წლის ბოლოს გაფართოებული საწარმოდან პირველ მოსავალს აიღებს. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ დიდი ალბათობით პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე დარჩება, სადაც შეფუთულ ბოსტნეულსა და მწვანილზე ბოლო წლებში მოთხოვნა ორმაგდება.
„თუ საქართველოს ბაზარმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა, ექსპორტისთვის პროდუქცია, შესაძლოა, აღარ დაგვრჩეს“,- ამბობს ბიზნესმენი.
კომპანიას მწვანილი ექსპორტზე ბულგარეთში გააქვს. ზურაბ ჯანელიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰოლანდიასთანაც, თუმცა, თუ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, სავარაუდოდ, ჰოლანდიისთვის მიწოდებას ვერ შეძლებენ.
მისივე თქმით, ახალ ფართობებთან ერთად კომპანიამ გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი, დაამატა განსხვავებული ჯიშის რუკოლა, ასევე ისპანახი, ბაზილიკი და ა.შ.
ამასთან, „ჰერბიამ“ ადგილზე ახალი გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.
გაფართოებისთვის კომპანიას მიწა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადაეცა.

























