მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Heritage Foundation: საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება 0.3 ქულით დაეცა - ქვეყანა მე-16 ადგილზეა

5c4ac7ead3fce
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.19 12:34
1339
Heritage Foundation “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 0.3 ქულით გაუარესდა და 75.9 ქულას შეადგენს. ამ შედეგით, საქართველოს პოზიცია უცვლელია და ის მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 16-ე ადგილზეა.

თავის მხრივ, 2018 წელს საქართველო 2017 წლის ინდექსთან შედარებით 3 ადგილით ჩამოქვეითდა, შესაბამისად, დღეს საქართველო იმყოფება უფრო უკან, ვიდრე 2017 წელს იყო.

2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება (65,9 ქულა), მთავრობის დანახარჯები (73,6 ქულა), საგადასახადო ტვირთი (87,1 ქულა), ფისკალური მდგრადობა (93,9 ქულა) და ფინანსური თავისუფლება (70 ქულა).

სარეიტინგო ქულა ყველაზე მკვეთრად სასამართლოს სისტემის ეფექტურობის კომპონენტში გაუარესდა. 2018 წელს საქართველოს ქულა იყო 64.2, 2019 წლის ინდექსით კი, ეს მაჩვენებელი 54.6 ქულამდე ჩამოვიდა.

ასევე გაუარესებაა ბიზნესის თავისუფლების კომპონენტში, 2018 წელს საქართველოს ქულა იყო 86.9, 2019 წლის ინდექსში კი, 85.6 ქულამდე არის ეს მაჩვენებელი შემცირებული. გაუარესებაა შრომის თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და სავაჭრო თავისუფლების მიმართულებითაც.

ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ქვეყნების სია ასეთია:

ჰონგ-კონგი;
სინგაპური;
ახალი ზელანდია;
შვეიცარია;
ავსტრალია;

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები