მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰიდროს [ინვესტორები] ნერვიულობენ 6.5-ცენტიანი ტარიფის გამო, რომელიც არაა მიმზიდველი - მირცხულავა

გიორგი მირცხულავა

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას განცხადებით, მეორე CFD აუქციონის შედეგად ჰიდროენერგეტიკისთვის განსაზღვრული მედიანური ტარიფი - 6.5 აშშ ცენტი - ინვესტორების შეფასებით, ძალაინ დაბალია, ამიტომ მიმზიდველი არაა.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი მირცხულავამ CFD მექანიზმის ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც ორი აუქციონი გაიმართა, კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ “CFD-ს მექანიზმი რომ არ აღდგენილიყო, ენერგეტიკაში FDI 126 მილიონი დოლარიც არ იქნებოდა”, თუმცა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც ამ ინსტრუმენტის მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებს აქვთ.

კერძოდ, „ბემონის“ მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, ენერგეტიკული პროექტების დეველოპერებს აწუხებთ მეორე CFD აუქციონის შედეგად ჰიდროპროექტებისთვის განსაზღვრული ტარიფი - 1 მეგავატი - 6.5 ცენტი - რაც ინვესტორების შეფასებით, დაბალია და ამიტომაც გიორგი მირცხულავა ვარაუდობს, რომ CFD აუქციონებში მონაწილე და გამარჯვებული კომპანიების 30-40% „ქაღალდის ინვესტორები“ არიან ანუ მომავალში, სავარაუდოდ, პროექტებს „გადაყიდიან“.

"ჩვენ კომპანიას ჰიდროს მიმართულებით ორი პროექტი აქვს - ერთს ვამთავრებთ, მეორე კი, წინა წლის მესამე კვარტალში დავიწყეთ და ვხედავთ, რომ ძალიან ნერვიულობენ დეველოპერები ტარიფის გამო, რადგან ტარიფია განმსაზღვრელი, რამდენად საინტერესო იქნება პროექტი ინვესტორებისთვის, ასევე ტარიფს აქცევენ ყურადღებას ბანკებიც [როცა კომპანიას კრედიტი სჭირდება]. ამდენად, რადგან ფიქსირებული ტარიფის შეთანხმება ხდება, მნიშვნელოვანია სწორი ტარიფი იყოს აღებული. მეტსაც გეტყვით, როცა ქარის და მზის სადგურების მშენებლობაზე არის მოთხოვნა და ჰიდროზე კი, ყოყმანია [ინვესტორების მხრიდან], ეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ნიშანი, რომ რაღაცა გადასახედია.

მე არ ვარ დეველოპერი. ჩვენ ვაშენებთ ენერგოინფრასტრუქტურას, მაგრამ თუ დეველოპერები დაგვკლდება, ვერც ვერაფერს ავაშენებთ, ამიტომ ვნერვიულობთ“, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ გამოწვევას სახელმწიფო მალე შეამჩნევს და რეაგირებაც დროული იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა CFD აუქციონი, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. სწორედ PPA კონტრაქტების გაფორმების დროს ეკონომიკის სამინისტრო მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილ მედიანურ ტარიფს ითვალისწინებს, რომელიც მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში 6,5 აშშ დოლარ ცენტია, ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6,0 აშშ დოლარ ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 აშშ დოლარ ცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები