სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური ღონისძიებით დასრულდა.
საქართველო HIGHLANDER ADVENTURE-ის ახალი ლოკაცია წელს პირველად გახდა. ღონისძიებამ, რომელიც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს ჩატარდა, 16 ქვეყნიდან 110-ზე მეტი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოლაშქრე გააერთიანა და მათთვის ჯერ კიდევ უცნობის სვანეთი აღმოაჩენინა.
“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის იყოს მოლაშქრეთა მსოფლიო რუკაზე. მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოყვებიან საქართველოს ლამაზ ბუნებასა და სტუმარმასპინძლობაზე.
ვფიქრობ, რომ ეს დააჩქარებს ეკონომიკურ აქტივობას, ვგულისხმობ არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ სოფლის მეურნეობას, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმის სექტორთან", - აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.
ჯამში როგორც ადგილობრივმა ისე საერთაშორისო ვიზიტორებმა 59-კილომეტრიანი მარშრუტი სამ დღეში გაიარეს.
ულამაზესი ავთენტური ბუნების ნახვასთან ერთად, მოლაშქრეებმა ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციული კერძები დააგემოვნეს, მათ მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა, რითაც ადგილობრივი მცირე მეწარმეების ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
“ჩვენი წინასწარი კამპანიის შედეგად 8 მილიონ ადამიანს მივწვდით და გავაგებინეთ სვანეთის ბუნებისა და კულტურის შესახებ. ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ბუნება, რაც არის უნიკალური, დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტ ხალხს მოიზიდავს.
სტუმრად ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი არის ჩამოსული, რომლებიც, რა თქმა უნდა, სასტუმროთიც აქ სარგებლობენ, აქ იკვებებიან, ეს კი პირდაპირი ფინანსური სარგებელია ხალხისთვის", - ამბობს თედო მაყაშვილი, HIGHLANDER GEORGIA-ს პროექტის ხელმძღვანელი.
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით ჩატარებული HIGHLANDER GEORGIA-ს ფარგლებში სვანეთს 11 ქვეყნიდან 500-მდე ვიზიტორი ესტუმრა. ამ პერიოდის განმავლობაში რეგიონში 100 000 ლარამდე პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.
“HIGHLANDER-ის საშუალებით პროექტმა GRETA-მ ერთმანეთთან სხვადასხვა მხარეები დააკავშირა. მოგვეცა საშუალება დავმხსდარიყავით ერთ მაგიდასთან, ვგულისხმობ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მესტიის მუნიციპალიტეტს, სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაციას და რა თქმა უნდა, პროექტ GRETA-ს.
ასე რომ ჩვენ მუშაობა ერთი საერთო მიზნისთვის დავიწყეთ. პროექტმა GRETA-მ ფინანსურად მხარი დაუჭირა HIGHLANDER-ის გლობალურ ღონისძიებას, რომელიც პირდაპირ მოდის თანხვედრაში GRETA-ს ერთ-ერთ მიმართულებასთან, ვგულისხმობ, მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარებას", - აცხადებს რიკარდო მონტანარი, პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელი.
პროექტის განხორციელებას ორგანიზატორები მომავალ წლებშიც გეგმავენ და ამბობენ, რომ HIGHLANDER GEORGIA სვანეთთან ერთად სხვა რეგიონებსაც გააერთიანებს.
ცნობისთვის, პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka