ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი "ტისუპეიპერი" პროდუქციის გატანას სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ალეკო სტროგანოვმა განუცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები სომეხ პარტნიორებთან მიმდინარეობს და პროდუქცია მეზობელ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ამავე წელს გავა.
გარდა ამისა, ქართველი მწარმოებლები მოლაპარაკებას აწარმოებენ საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია შეიტანონ.
"ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქციაზე არანაკლებ, ხანდახან მეტადაც კი ხარისხიანია, ფასი კი საკმაოდ მისაღებია",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ტისუპეიპერის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ქართული ბაზრის 30-40% უჭირავს.
Tissue Paper-ის ქარხანა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს.

























