მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰიპერინფლაციის 8 ისტორია

5c3f5348bd502
გიორგი ისაკაძე
16.01.19 21:10
4728
ვენესუელას მთავრობა სტატისტიკას ინფლაციის შესახებ 2015 წლიდან არ აქვეყნებს. ეს ნიკოლას მადუროს მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადის შესრულებას სწორედ, 2019 წლის იანვრიდან შეუდგა. 2014 წლიდან ვენესუელა მსოფლიოში ინფლაციის ყევლაზე მაღალ ტემპს აჩვენებდა, 2016 წლიდან კი,  დამანგრეველი ჰიპერინლფაციის სახე მიიღო. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს ინფლაციამ 2,500,000% შეადგინა, 2019 წელს კი, ინფლაცია 10,000,000% იქნება. შედარებისთვის საქართველოში ინფლაცია 3%-ია.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში ინფლაციის გამო ბარტულ გაცვლაზე გადავიდნენ და ორგანიზაციები და საცალო გაყიდვები პროტეინის მაღალი შემცველობის გამო, ფულის ნაცვლად კვერცხს იღებდნენ. მაღაზიები პერიოდულად ხსნიან ფასების აღნიშვნებს, რადგან ფასები შესაძლოა, იმდენად შეიცვალოს ზრდისკენ დღის განმავლობაში, რომ მყიდველი ამას პირადად გამყიდველებისაგან ან კონსულტანტებისაგან იგებდეს.

ეს კი ხდება ქვეყანაში, რომელიც ნავთობის მარაგების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მოდით, გავიხსენოთ ინფლაციის ყველაზე გახმაურებული ისტორიები მსოფლიოში. BMG-იმ სხვადასხვა გამოცემაზე დაყრდნობით, 7 ასეთ ისტორიას მოუყარა თავი.

ისტორია 1:
ჩინეთი, 1944 წელი ფასების ზრდა: დღეში 14%


ფასები პროდუქციაზე ფაქტიურად 5 დღეში ერთხელ ორმაგდებოდა და ფასების ყოველთვიური ზრდა პერიოდულად 5070%-ს აჭარბებდა. ჰიპერინფლაციას სათავე 1937 წელს დაედო და პიკს 1949 წლის აპრილში მიაღწია; ამის მიზეზი გახლდათ სამოქალაქო ომი, რომლის ხარჯების დაფინანსების გამო, ჩინეთის ნაციონალურმა პარტიამ ფულის მასიური ბეჭდვა დაიწყო. ხალხმა გადაცვლის საშუალებათ ბრინჯის გამოყენება დაიწყო. მოგვიანებით, ჩინეთმა იუანი მიიღო და 1955 წლიდან ინფლაცია მილევად რეჟიმში გადავიდა.

ისტორია 2:
საბერძნეთი, 1944 წელი. ფასების ზრდა: დღეში 18%


ეკონომიკა ფაქტიურად ჩამოიშალა საბერძნეთის ოკუპაციის შემდეგ II მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირებამ შექმნა დეფიციტი პროდუქტებზე, ხოლო საგადასახადო შემოსავლების ვარდნას საბოლოოდ, უმძიმესი ინფლაციური პროცესები მოჰყვა. საბერძნეთში ფასები იმაზე ნაკლებად იზრდებოდა, ვიდრე ომის შემდგომ გერმანიასა ან უნგრეთში (იხ.ქვემოთ), მაგრამ ამ ქვეყნის ეკონომიკის დასტაბილურებამ გაცილებით მეტი დრო წაიღო. CNBC-ის ინფორმაციით, ინფლაციის პიკური მაჩვენებელი -  13800% 1944 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

ისტორია 3:
გერმანია,1923 წელი. ფასების ზრდა: დღეში 21%


ეს არის ალბათ, ყველაზე ცნობილი ჰიპერინფლაციის ისტორია. I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას რეპარაციის ხარჯების და ვალების დასაფარად, მთავრობამ მარკის მასიური ბეჭდვა დაიწყო, რათა შეესყიდა მყარი ვალუტა და გაესტუმრა ვალდებულებები. შედეგმაც არ დააყოვნა: რაც მეტი იბეჭდებოდა გერმანული მარკები, მით უფრო სწრაფად უფასურდებოდა ვალუტა, ფასები 4 დღეში ერთხელ ორმაგდებოდა და ინფლაციის პიკი 1923 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა - 29500%-ის ოდენობით.

პურის ფასი 250 მარკიდან 200 მლრდ მარკამდე გაიზარდა. გაუფასურება იმდენად სწრაფი ტემპით მიდიოდა, რომ ადამიანები ხელფასის მიღებისთანავე ხარჯავდნენ ფულს.

ისტორია 4:
სერბეთი/იუგოსლავია 1994 წელი: ფასების ზრდა 65% დღეში


ჰიპერინფლაციამ პიკს 1994 წლის იანვარში მიაღწია და 313 მლნ % შეადგინა, ფასები პროდუქციაზე 34 საათში ერთხელ ორმაგდებოდა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა არ იხდიდა გადასახადებს, ომის შემდგომ სახელმწიფო დაწესებულებებიც ფაქტიურად უმოქმედოდ იყვნენ; ამას დაემატა ფასებზე კონტროლის არაეფექტური სისტემა. უკონტროლო სახელმწიფო ხარჯებმა, კორუფციამ, უმწვავესმა პოლიტიკურმა კრიზისმა და გაერო-ს სანქციებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. სანქციები შეწყდა მას შემდეგ,რაც სერბეთის ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი დათანხმდა ახალი ვალუტის შემოღებას “ახალი დინარი”, რომელიც შესაბამისი რეზერვებით (ოქრო) იყო უზრუნველყოფილი.

ისტორია 5:
ზიმბაბვე 2008 წელი, ფასების ზრდა დღეში 98%


დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1980 წელი) ქვეყანამ ახალი ვალუტა მიიღო, რომელიც დოლართან 1,25-ის კურსში ივაჭრებოდა. ჰიპერინფლაციურ პროცესებს დასაბამი მისცა ზიმბავეს პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს მიწის რეფორმამ, რომელიც ითვალისწინებდა სავარგულების და ნაკვეთების ექსპროპრიაცია ევროპელი მესაკუთრეებისაგნ ეთნიკურად ზიმბაბველი ფერმერების სასარგებლოდ. ამას ემატებოდა საომარი მოქმედებები კონგოსთან და შემდგომი, 2002 წლიდან აშშ-ის სანქციები. მდგოამრეობა იმდენად უკონტროლო გახდა, რომ 2007 წლისთვის ბინის გაქმირავებლები ფულის ნაცვლად თვეში 10 კგ ფქვილს, 2 კგ შაქარსა, 4 ლიტრ ზეთს იღებდნენ. 2008 წელს ზიმბაბვეს 10 მლნ დოლარიანი ბანკნოტოთ შეძლებდით ბანანის შეძენას. ამავე წლის ნოემბერში ინფალციამ მიაღწია პიკს და 79 მლრდ % შეადგინა, ხოლო ფასები ორმაგდებოდა თითქმის ყოველდღე. ცნობილი კუპიურა 100 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარი - 2009 წლის იანვარში დაიბეჭდა. იმავე წელს,საერთაშორისო მრჩევლების და ორგანიზაციების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უარი თქვა ზიმბევს დოლარზე და მის ნაცვლად თავისუფალი სავალუტო სისტემა მიიღეს. ზიმბაბვეში გადახდის ძირითად საშუალებად აშშ დოლარი გამოიყენებოდა. ამჟამად კვლავ განიხილება ეროვნული ვალუტის დაბრუნების საკითხი.


ისტორია 6: 

უნგრეთი 1946 წელი, ფასების ზრდა დღეში 207%.



ყველაზე მძიმე ჰიპერინფლაციური პროცესები 1946 წელს უნგრეთში დაფიქსირდა, როცა ადგილობრივი ვალუტა პენგე იქნა შემოღებული, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ადგილობრივი ეკონომიკის დასტაბილურებას ისახავდა მიზნად. CNBC-ის ინფორმაციით, ჰიპერინფლაციის პიკზე ფასები 15 საათში ერთხელ ორმაგდებოდა.

და პიკი ფიქსირდება 1946 წლის ივლისში, როცა მან 41,9 კვადრილიონ % მიაღწია! ცნობილი ფაქტია, რომ მიმოქცევაში არსებული უნგრული პენგეს მასა უდრიდა ჯამში 1000 ამერიკულ დოლარს.ერთადერთი გამოსავალი ახალი ვალუტის - ფორინტის შემოღება იყო,რაც მოხდა კიდეც ამავე წლის აგვისტოში.

ისტორია 7

საქართველო 1992-1994 წლების ინფლაცია



სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში საქართველოს ეკონომიკამ სრული კოლაფსი განიცადა. სულ რამდენიმე წელში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 60%-ით დაეცა. სამოქალაქო ომი, საერთაშორისო იზოლაცია, ენერგეტიკული კრიზისი, ტოტალური კრიმინალი და კორუფცია, უპასუხისმგებლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ქვეყანაში ჰიპერინფლაციის მიზეზი გახდა. 1992 წელს ინფლაცია 1177% იყო, 1993 წელს ამ რიცხვმა 7487%-ს მიაღწია, 1994 წელს ინფლაცია 6473%-ზე ჩამოვიდა, 1995 წელს ლარის შემოღებით კი ის სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები