კომპანია „ჰიპი საქართველო“ ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა კვების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, საქმე ეხება არა წარმოების დეფექტს, არამედ სავარაუდო „გარე ჩარევის“ ფაქტს.
საუბარია ბოსტნეულის პიურეზე „სტაფილო/კარტოფილი“ (190 გრ.), რომლის გარკვეული პარტიაც ავსტრიაში გაყიდვებიდან გაიწვია.
ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია პროდუქტის გაწვევის შესახებ უკავშირდება ინდივიდუალური შეფუთვების დაზიანებას, რაც, არსებული შეფასებით, კრიმინალური ხასიათის გარე ჩარევის შედეგია.
„HiPP-ის ყველა პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება, უსაფრთხოა. აღნიშნული შემთხვევა წარმოების პროცესს არ უკავშირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყნის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რის გამოც დეტალური ინფორმაციის გაზიარება დროებით შეზღუდულია. მათივე თქმით, HiPP-მა პარტნიორებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის უკვე მოამზადა.
BBC-ის ინფორმაციით, ავსტრიის სამართალდამცველებმა მიიღეს შეტყობინება, რომ HiPP-ის ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, ქილა განზრახ იყო დაზიანებული. არსებობს ეჭვი, რომ მიმოქცევაში კიდევ ერთი მსგავსი დაზიანებული ერთეული შეიძლება იყოს.
გამოძიების ფარგლებში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც. გერმანელი გამომძიებლების ვარაუდით, საქმე შესაძლოა კრიმინალურ ქმედებას ან გამოძალვის მცდელობას ეხებოდეს.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სუპერმარკეტების გლობალურმა ქსელმა „სპარმა“ აღნიშნული პროდუქცია ავსტრიის მაღაზიებიდან სრულად ამოიღო. HiPP-ის სათავო ოფისში ხაზს უსვამენ, რომ ქილები ქარხნიდან იდეალურ მდგომარეობაში გამოვიდა და მომხდარი წარმოების ხარისხს არ უკავშირდება.
ავსტრიის ხელისუფლებამ მშობლებს მოუწოდა, პროდუქტის შეძენისას ყურადღება შემდეგ ნიშნებს მიაქციონ:
- დაზიანებული ან ღია თავსახური;
- დაკარგული დამცავი ბეჭედი;
- სპეციფიკური, უჩვეულო სუნი;
- თეთრი სტიკერი წითელ წრეზე, რომელიც შუშის ქილის ძირზეა გამოსახული.
ამ ეტაპზე „ჰიპი საქართველო“ აცხადებს, რომ რჩება მუდმივ კომუნიკაციაში საერთაშორისო ოფისთან და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაასაჯაროებს.



























