მოთხოვნის შემცირების გამო, კომპანია H&M-ს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 4 მილიარდი დოლარის გაუყიდავი ტანსაცმლი დაუგროვდა, რასაც კომპანიის წარმომადგენლები სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ, ამიტომაც უკვე მუშაობენ სხვადასხვა ვარიანტის სატესტო რეჟიმში ჩაშვებაზე. მათ შორის განიხილება მასობრივი ფასდაკლების მოწყობა, იმისათვის, რომ მარაგები დროთა განმავლობაში შემცირდეს.
მომხმარებელს განახევრებულ ფასებში პროდუქციის შეძენა შეეძლება როგორც უშუალოდ მაღაზიებში, ასევე ონლაინ პლატფორმაზეც და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც H&M-ს საკუთარი წარმომადგენლობა ჯერ არ აქვს გახსნილი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი დასახული გეგმა არ გაამართლებს, მაშინ ტანსაცმელი საქველმოქმედო მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით დაიგზავნება.
რაც შეეხება კომპანიის აქციებს, 2018 წლის მდგომარეობით ის 18%-ით არის შემცირებული. ამ ფაქტს კი კომპანიის მენეჯმენტი რთული პერიოდით ხსნის, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გაყიდვების მიმართულებით გამოიკვეთა. მიუხედვად ამისა კომპანიაში ამბობენ, რომ მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და წლის მეორე ნახევარი გაცილებით ეფექტიანი იქნება.

























