კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც ენერგეტიკის გარდა, სხვა სექტორებშიც ახორციელებს ინვესტიციებს, ვარაუდობს, რომ თუ საქართველო ევროპულ გზაზე არ დაბრუნდა და პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემცირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჰოლანდიელმა პარტნიორმა, დაახლოებით, $20 მილიონიანი ინვესტიციისგან თავი შეიკავა“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი, რომელიც თან რიტორიკულ კითხვას სვამს: „ასეთი რამდენი მაგალითი იქნება?!“
„ერთი ჰოლანდიელი პარტნიორი გვყავს, რომელიც 20 წელია საქართველოშია. ქართველი მეუღლე ჰყავს; უძრავი ქონების ბიზნესში საქმიანობს. დაახლოებით, 1.5 წელია, ერთ პროექტზე ვმუშაობთ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია. [მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო] მან უარი განაცხადა და თავი შეიკავა ამ ინვესტიციისგან. ასეთი რამდენი მაგალითი იქნება?!
ზოგადად, დასავლეთში მოლოდინია, რომ ადრე თუ გვიან სანქციები გარდაუვალი იქნება. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსს და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა თავს შეიკავებს საქართველოს ინვესტიციების განხორციელებისგან“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ენერგეტიკის სექტორში ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დარგშიც უკვე სტაგნაციაა, რომელიც „მერე და მერე უფრო გამოჩნდება“.
„ენერგეტიკა ბევრად უფრო სენსიტიურია სტაბილურობის მიმართ, რადგან ბევრად უფრო გრძელვადიან ინვესტიციებს საჭიროებს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ საკუთარი კაპიტალის უკუგებას 10-15 და ზოგ შემთხვევაში 20 წელიც კი, შეიძლება, დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ ქვეყანაში დებს ფულს, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს, როგორი თამაშის წესები იქნება და ა.შ.
რა თქმა უნდა, ენერგეტიკაშიც სტაგნაცია გვაქვს და ეს მერე და მერე უფრო გამოჩნდება, ვინაიდან ენერგეტიკული პროექტები გრძელვადიანია, ინვესტორები მიმდინარე პროექტებს, სავარაუდოდ, ბოლომდე მიიყვანენ, მაგრამ ახლანდელი სტაგნაცია და დღეს არმიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგი შემდეგ წლებში გამოჩნდება - ვნახავთ, როგორ დაარტყამს ენერგეტიკას“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.