მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოლანდიური ინვესტიციით შექმნილი "თეთრი ფერმა" ბაზარზე არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება

5e397fbc4209c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.20 18:20
10338
გასული წლის დასასრულს, 3.6 მლნ ევროს ჰოლანდიური ინვესტიციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი "თეთრი ფერმა" ამოქმედდა, რომელიც მერძეულ სექტორში არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდება.
ამის შესახებ BM.GE-ის ფერმის მენეჯერი დიტო ბანკანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მერძეულ სექტორში მთავარ პრობლემას ნედლი რძის დეფიციტი წარმოადგენს, ფერმაც ამ მოტივაციით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიური წარმოშობის 440 სული ძროხის დღიური წარმადობა 6 ტონაა, პრობლემის გადაჭრა ამით ვერ მოხერხდება. ამასთან, ფერმა აპრილის შემდეგ წარმადობის 10 ტონამდე გაზრდას გეგმავს.

"არ არსებობს საქართველოში საკმარისი რაოდენობის ნედლლი რძე და მოსახლეობას უწევს რძის ფხვნილისგან დამზადებული მკვდარი ცილის შემცველი რძის პროდუქტების მიღება. ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივაცია, რის გამოც გადავწყვიტე ფერმის გახსნა.

ჩვენ ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან გვქონდა კომუნიკაცია. ავუხსენით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ავუხსენით რომ დეფიციტი იყო ქვეყანაში და აღნიშნულ სფეროში ღირდა ინვესტიციის განხორციელება. მათი ინვესტიცია 3.6 მლნ ევროა. ამასთან, ჩვენ ვისარგებლეთ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის და მექანიზაციის მხარდაჭერის პროგრამებით, პირველ შემთხვევაში 1.5 მლნ ლარის თანადაფინანსება მივიღეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 200 000 ლარიანი ტრაქტორი ვიყიდეთ. ფერმაში 32 სამუშაო ადგილია და აქედან 90%-ზე ადგილობრივები არიან დასაქმებულები", - ამბობს დიტო ბანკანაშვილი.

როგორც ფერმის მენეჯერი ამბობს, ფერმის ამოქმედების შემდეგ მათი პირველი პარტნიორი "აგროჰაბი" გახდა და მათი ნაწარმი ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტების შეძენა მომხმარებლს სწორედ იქ შეუძლია.

"დღეს ჩვენ უკვე ჩვენს ნედლეულს ვაწვდით "აგროჰაბის" მაღაზიათა ქსელს. ისინი მაღალი ხარისხის ნედლეულზე მუშაობენ და ჩვენც პირველი ხარისხის რძეს ვაწვდით. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ ჩვენი ხაზის წარმოების ამოქმედებაზეც, თუმცა ეს მოგვიანებით იქნება. ასევე ჩვენი მიზანი რაც შეიძლება, მეტი რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობაა, თუმცა რომელი კომპანიები იქნება, ჯერ არ ვიცით", - განაცხადა "თეთრი ფერმის" დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები