ADJARA GROUP HOSPITALITY-ს გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია საერთაშორისო ლოგოტიპების თარგმნის მომხრე არაა და აცხადებს, რომ „ლოგო სახელისგან უნდა განვასხვავოთ“.
ამის შესახებ ვალერი ჩეხერიამ BM.GE-ისთან ინტერვიუში თბილისის მერ კახი კალაძის იმ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, იურიდიული პირის მიერ რეკლამის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარის ნაცვლად, 3000 ლარი იქნება, ხოლო ფიზიკური პირის მიერ დარღვევის შემთხვევაში 200 ლარის ნაცვლად - 1000 ლარი.
„დარწმუნებული ვარ, ბიზნეს-სექტორი ამ საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში, რომ თავად ლოგოს თარგმნა არ გახდეს სავალდებულო; სახელის თარგმნა კი, არაა პრობლემა. ვაპირებთ, ჩვენი არგუმენტები კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ. ახალ მერთან - კახი კალაძესთან ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. მართალია, ჩემი მოსაზრებაც ემთხვევა კალაძის მოსაზრებას, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ვიზუალი; ჩემთვისაც, როგორც თბილისში მცხოვრებისთვის და როგორც „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელისთვის ეს მნიშვნელოვანია - არაა ლამაზი, როცა ყველა ფასადი, წარწერა სხვადასხვანაირია, მაგრამ უშუალოდ ლოგოს თემაზე მსჯელობა მაინც მოგვიწევს;
ვფიქრობ, ლოგოტიპი, რომელიც საქპატენტშია რეგისტრირებული და ასევე საერთაშორისოდ აღირებულია, ლოგოდ უნდა დარჩეს და არ ითარგმნოს“, - განაცხადა ჩეხერიამ.
მიუხედავად აღნიშნული პოზიციისა, ADJARA GROUP-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ისინი კანონ-მორჩილები არიან და მაღალი ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების ლოგოტიპებს ქართულად თარგმნიან, მათ შორის Holiday inn-საც.
„უკვე ვესაუბრე ხელმძღვანელობას Holiday inn-ის სათაო ოფისში, ლონდონში; ზოგადად, Holiday inn-ის სტანდარტს არ წარმოადგენს ლოგოტიპის თარგმნა. როგორც მენეჯმენტში მითხრეს, Holiday inn-ის ლოგოს თარგმნის ერთადერთი პრეცენდენტი არის ჩინეთში და ისიც გამონაკლისის სახით მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ ჩინეთში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თითქმის 99.9% ჩინურად საუბრობს, ჩინეთის სკოლებში მეორე ოფიციალური ენაც კი არ ისწავლება, ამიტომ კომპანიამ დაუშვა პრეცენდენტი და ლოგო თარგმნა“, - აღნიშნა ჩეხერიამ და დასძინა, რომ მეორე პრეცენდენტი, სავარაუდოდ, საქართველოში იქნება.
„ლოგოს ქართულად თარგმნის პროცედურები უკვე დავიწყეთ - რენდერი სათაო ოფისში გადაგზავნილია. ბრენდი ძალიან მკაცრად გვისაზღვრავს სტანდარტს - ფერი, ფორმა ერთი ერთში უნდა დავსვათ. მას შემდეგ, რაც სათაოდან დასტურს მივიღებთ, ლოგოს ქართული თარგმანის დამზადებას დავიწყებთ. ამ ყველაფერს დრო უნდა, ამიტომ მოვითხოვთ გონივრულ ვადას, რომ არ დაგვაჯარიმონ“, - განაცხადა ჩეხერიამ და გაიხსენა, რომ „აჭარა ჯგუფმა“ ერთხელ უკვე გადაიხადა ჯარიმა Holiday inn-ის ლოგოს ქართულად ართარგმნის გამო.
„სასამართლოში პირველი ინსტანცია წავაგეთ და ჯარიმა გადავიხადეთ; სწორედ მაშინ დავიწყეთ სათაო ოფისთან კომუნიკაცია ლოგოს თარგმნის საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტი ლოგოს თარგმნას არ ითვალისწინებს. მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია - ერთის მხრივ, თუ გვინდა, რომ საერთაშორისო ბრენდები იყოს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ჩანდეს მათი ლოგოები და ვიზუალს არ უნდა ვცვლიდეთ; მეორეს მხრივ, ფრანჩაიზინგის გადასახადს რეალურად ხომ იმაში ვიხდით, რომ ლოგო არსებობდეს - ბრენდები ხომ ტურისტებს/მოგზაურებს აძლევენ იმის გარანტიას, რომ აქ მიიღებენ იმ ხარისხის მომსახურებას, რასაც მსოფლიოს სხვა წერტილში - იგივე ბრენდში მიიღებდნენ. ასე რომ, ლოგოს სახეცვლილება სწორად არ მიმაჩნია“, - განმარტავს ADJARA GROUP-ის გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია.

























