თბილისში, Holiday Inn-ის ერთ-ერთ ნომერში სავარაუდო გასროლის ფაქტზე ერთი პიროვნება დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე მედიასთან აცხადებს.
„შემოსული იყო შეტყობინება, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. გამოვცხადდით ადგილზე და შესაბამისად მოხდა ნომერში ღონისძიების ჩატარება. აღნიშნული პირი დაკავებულია,“ – განაცხადა სირაძემ.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც მუქარასა და უკანონოდ იარაღის შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დაზუსტებით ვერ გეტყვით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია თუ არა. გამოძიება გრძელდება,“ – აღნიშნა სირაძემ.
რაც შეეხება თავად სასტუმროს, როგორც bm.ge-ის „ჰოლიდეი ინნ“-ში განუცხადეს, სტუმარი შეიარაღებული იყო, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.
"ერთ-ერთი სტუმარი შეიარაღებული იყო, რაც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელმაც დააკავა ეს პირი“, - აცხადებენ „ჰოლიდეი ინნ“-ის მფლობელ კომპანია „აჭარა ჯგუფში“.
კომპანიაში, გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული შეიარაღებული პიროვნება სხვა პირებს ემუქრებოდა, არ ადასტურებენ.




























