კახეთში, სასტუმრო Holiday inn Telavi მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.
ამის შესახებ BM.ge-ის Holiday inn Telavi-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ერისთავმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო ნაწილის დაახლოებით, 80% დასრულებულია და პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ ლარია.
„სასტუმრო, საერთო ჯამში, იქნება 85-ნომრიანი, რომელიც თავის მხრივ დაყოფილი იქნება სამ სხვადასხვა ტიპის ნომრებად - standard, suite და executive. შესაბამისად, მოხმარებელს ექნება ფართო არჩევანი. ჩვენ მოთხოვნისამბერ შევთავაზებთ შესაბამისი ტიპის ნომერს. რაც შეეხება სეგმენტაციას, ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსირება მოხდება ტურისტულ სეგმენტზე თუმცა პროექტის დასაწყისიდანვე გეგმაში იყო, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ ტურისტულ სეგმენტზე, არამედ ადგილობრივ მომხმარებელზეც. კვლევებმა აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი გადის დედაქალაქიდან კახეთის რეგიონში დასვენების დღეებში. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ ამ სეგმენტს მათთვის კომფორტული გარემო შევუქმნათ და შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რის ნაკლებობასაც კონკრეტულად ეს რეგიონი განიცდის“, - აცხადებს ერისთავი.
რაც შეეხება ნომრის ღირებულებას, მისივე თქმით, ფასები სეზონების მიხედვით შეიცვლება.
„ვფიქრობთ, სასტუმრო ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანი ფასით შესვლა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მყარად დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ბაზარზე. სასტუმროს გახსნა დაგეგმილია სექტემბრისთვის. ეს სეზონი ყველაზე დატვირთულია კახეთის რეგიონისთვის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საუკეთესო პერიოდში შევიდეთ ბაზარზე მაღალი დონის სერვისით და შესაბამისი სტანდარტებით“, - განაცხადა Holiday inn Telavi-ს გენერალურმა დირექტორმა.

























