სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან სხვადასხვა პროექტებზე თანამშრომლობა სურს.
როგორც სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, ამ მიზნით "აწარმოე საქართველოში" მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის მქონე ას თანამემამულეს დაუკავშირდება და საქართველოში მოიწვევს, როგორც სააგენტოს პროგრამების, ისე სხვა მზა საინვესტიციო პაკეტების გასაცნობად.
"მთავარი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი თანამემამულის ჩართვა საქართველოს ეკონომიკაში ორი მიმართულებით, ეს არის ინვესტიციები და ექსპორტი. ინვესტიციების მიმართულებით ჩვენ გვყავს თანამემამულეები, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი კაპიტალი და აქვთ ემოციური კავშირი ქვყნის მიმართ, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ ბაზის შექმნა, სადაც პირდაპირ მოხდება ტომ-100 ასეთი ადამიანის საქართველოში ჩამოყვანა, Homecoming ივენთის გაკთება, სადაც მოვახდენთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს და რა პროგრამები ხორციელდება და რა თქმა უნდა, მათგან მოვისმენთ იდეებსა და ინიციატივებს.
ეს არის ხალხი, რომელიც დასაქმებულია ძალიან მსხვილ უცხოურ კომპანიებში, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს სამიზნე კომპანიებს და გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა. ასეთი ადამიანები დაგვეხმარებიან, რომ გაგვიყვანონ ასეთ ადამიანებზე. ამის ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს, თუმცა უნდა მოხდეს ბაზის შექმნა და ამაზე პროაქტიულად მუშაობა", – განაცხადა ხიდურელმა.
გარდა ამისა, სააგენტო უცხოეთში ქართველ სტუდენტებთან დაკავშირებას და მათ სამეწარმეო გამოფენებში ჩართვას გეგმავს. ასევე, ხიდურელი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ქართულ დიასპორას სპეციალური პროგრამა შესთავაზონ.
"რაც შეეხება ექსპორტს, აქ გვინდა, რომ ჩვენი გამოფენების ორგანიზების დროს ჩავრთოთ იქ მაცხოვრებელი ქართველი სტუდენტები, რომ ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს დაეხმარონ და რეალურად კომპანიებმა აღარ წაიყვანონ თბილისიდან კადრები და დაასაქმონ იქ მყოფი სტუდენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარჯის კუთხით ეს ბევრად დაბალი იქნება, რადგან მათ არ მოუწევთ ბევრი საფასურის გადახდა და რა თქმა უნდა, ეს არის კარგი საშუალება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ დასაქმდნენ.
ექსპორტის მიმართულებით მეორე ინიციატივაა, ტოპ-100 უნივერსიტეტში, სადაც ქართველები სწავლობენ, მათი დახმარება, რომ მოეწყოს საქართველოს კულტურული დღე, სადაც ჩვენი ექსპორტიორი კომპანიები მზად არიან, რომ უსასყიდლოდ გააგზავნონ თავისი მრავალფეროვანი პროდუცქია", – აღნიშნა ხიდურელმა.
როდის მოიწვევს სააგენტო უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.

























