ჰონგ-კონგში საქმიანი ვიზიტებისთვის ქართველებს 90 დღე გაჩერება შეეძლებათ
დავით ჯალაღონია
26.10.18 10:43
• 693
საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის პარლამენტში შესაბამისი პროცედურები გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმ სარგებლის შესახებ, რასაც ქართველი მეწარმეები ჰონგ-კონგის 7 მილიონიან ბაზარზე მიიღებენ.
როგორც არველაძემ BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოდან ჰონგ-კონგში ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აქვთ.
„მოგეხსენებათ, ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ განვითარებული აგრო-სექტორი, შესაბამისად, ამ მხრივ უმსხვილესი იმპორტიორები არიან. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ სასურსათო და ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ განვათავსოთ ექსპორტზე. ასეთი პროდუქციის ჩამონათვალშია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კონსერვები, წვენები, მინერალური წყალი, თხილი, ციტრუსი და ა.შ“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ჰონგ-კონგის მხრიდან საქართველოში სავაჭრო-ეკონომიკურ მიზნებს, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ისინი დაინტერესებულები არიან ძირითადად სამეწარმეო და მომსახურების სფეროებით. ამ მხრივ, გენადი არველაძე სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ჰონგ-კონგში მხოლოდ საქმიანი ვიზიტებით დაინტერესებულებს შეეხებათ.
„თუ მათ უნდათ, რომ კონტრაქტები გააფორმონ, ან კონტრაქტებთან დაკავშირებული სამუშაოების გამო იმ ტერიტორიაზე ყოფნა უწევთ, ამ საქმიანი ვიზიტისთვის, მათ აქვთ უფლება მაქსიმუმ, 90 დღის განმავლობაში დაჰყონ იმ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კონტრაქტების გაფორმების, ან სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2018 წლის 28 ივნისს, ჰონგ-კონგში, „Belt and Road“ ის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ვიდრე ეს შეთანხმება ამოქმედდება, საქართველოსა და ჰონ-კონგს შორის, ჩვენი ქვეყნისთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, ჰონ-კონგში, თითქმის 3 მილიონ 920 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა. უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალშია სპირტიანი სასმელები, ლუდ, კოსმეტიკური საშუალებები, გამომთვლელი მანქანები, ჯართი, საბურავები, საკანცელარიო საქონელი, საათები და ა.შ. რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებელი 76 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ჰონ-კონგიდან იმპორტირებული პროდუქციის პირველ ათეულშია სატელეფონო აპარატები, გამომთვლელი მანქანები, სიგარები და სიგარეტები, საათები, სათამაშოები, ტელე-რადიო აპარატურის ნაწილები და სხვა.
ისრაელთან თავისუფალ ვაჭრობაზე მიზანშეწონილობის კვლევა სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ინფორმაციით, ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის შესასწავლად ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფი შექმნა.
„ისრაელთან მოვაწერეთ ხელი, რომ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფებს და განვახორციელებთ მიზანშეწონილობას კვლევას, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ორივე ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ. ქართულმა მხარემ უკვე ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, ახლა ამავეს ისრაელის მხრიდან ვალოდებით. უკვე მომავალი წლიდან, ან ამ წლის ბოლოს გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ ერთობლივი კვლევის განხორციელება. ორივე მხარეს ასეთი მოლოდინი გვაქვს, რაც დაფიქსირებულია ასევე განზრახულობათა მემორანდუმში, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში ეს კვლევა დასრულდება“, - განაცხადა არველაძემ BM.GE-სთან საუბრისას.