ტურისტულმა კომპანია Hot Travel Group ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირება ოფიციალურად დაიწყო და პირველი ქართული ტუროპერატორი გახდა, რომელიც ამერიკის ბაზარზე სრულფასოვანი ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანიის ოფისი ნიუ-იორკში, ქვემო მანჰეტენზე მდებარეობს და როგორც B2B თანამშრომლობებს, ისე საცალო მომხმარებლების მომსახურებას მოიცავს.
ტურისტული კომპანიის Hot Travel Group-ის დამფუძნებელი თამარ ჩხიკვაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ აშშ-ში ბიზნესის რეგისტრაცია მკაფიო და სტრუქტურული პროცესია.
„ვერ ვიტყვი, რომ რთულია, თუმცა დეტალურ ჩაღრმავებას მოითხოვს და დამოკიდებულია იმაზე, რომელ შტატში, რა კანონია. ჩვენს შემთხვევაში, იურიდიული კომპანიის ჩართულობით, ყველა საჭირო პროცედურა 2-3 კვირაში გავიარეთ და ოპერირება დავიწყეთ“, – ამბობს ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, ამერიკულ ბაზარზე გასვლას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაგეგმვა და ბაზრის სიღრმისეული შესწავლა. Hot Travel Group-ს აქვს როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებები, რის გამოც აშშ-ისა და კანადის ბაზრები კომპანიისთვის ახალი არ ყოფილა, თუმცა აქამდე კომუნიკაცია დისტანციურად ხდებოდა: "ამისთვის დიდი ხანი ვმუშაობდით, ბაზარიც კარგად გვქონდა შესწავლილი და დავინახეთ, რომ მზად ვიყავით ამ ნაბიჯის გადასადგმელად", - აღნიშნავს Hot Travel Group-ის დამფუძნებელი და დასძენს, რომ ემსახურებიან ქართველ ემიგრანტებსაც.
ცნობისთვის, Hot Travel Group-ს წლებია ჰყავს ემიგრანტი მომხმარებლები, რომლებსაც აქამდე დისტანციურად ემსახურებოდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ფილიალის გახსნით გამარტივდა ფინანსური ოპერაციებიც – კომპანიამ დანერგა ონლაინ გადახდის სისტემა, რაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს საშუალებას აძლევს, ბილეთები საკუთარი საბანკო ბარათებით, გადმორიცხვის გარეშე შეიძინონ.




























