"სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი მაიკო მურაჩაშვილი საქართველოში გიდებად უცხოელების მუშაობის აკრძალვას მიესალმება, მაგრამ სერვისის გაძვირებას ელის. ამის შესახებ ჰოტელიერმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" განაცხადა.
როგორც ცნობილია, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, რომელიც 1-ელი მარტიდანაა ძალაში, უცხოელებისთვის რიგ სფეროებში მუშაობის აიკრძალა და მათ შორისაა გიდების მომსახურებაც.
მაიკო მურაჩაშვილის თქმით, გიდებად უცხოელების დასაქმების აკრძალვა აუცილებელი იყო, რასაც ტუროპერატორები და გიდები ძალიან დიდი ხანია ითხოვდნენ.
ჰოტელიერს მიაჩნია, რომ "საქართველოში საქართველოს შესახებ ქართველმა უნდა მოჰყვეს".
- ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააცნობს ქვეყანას ისე არაქართველი ადამიანი, როგორც ქართველი გიდი, რომელიც ბუნებრივად გაიზარდა ამ გარემოში, პატრიოტიზმი სულში აქვს და ყველა ნაბიჯი უყვარს. გარდა პატრიოტული კუთხისა, ეს სოციალურადაც მნიშვნელოვანია - ძალიან კარგი გიდების ნაწილი უმუშევარი დარჩა, რადგან ისინი ჩაანაცვლეს სხვა ქვეყნებიდან შემოსულმა ადამიანებმა. თქვენთან ეთერში არაერთხელ მისაუბრია ეკონომიკურ უკუეფექტზეც - როგორ გაედინება ფული, როდესაც ტურ-ოპერატორიც უცხოელია, რომელიც ხშირად არც კი არის დაფიქსირებული. ამ სფეროს ბევრი „შავი ხვრელი“ ჰქონდა და ეს ცვლილება ნამდვილად კარგია.
- თუმცა კერძო სექტორის ნაწილი ხედავს პრობლემას იმ მიმართულებით, რომ ჩვენმა ტურიზმმა გეოგრაფია იცვალა. მაგალითად, ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ვიზიტები გახშირდა, ამ ენების სპეციალისტი ქართველი გიდი კი ბევრი არ გვყავს და ისე არ მოხდეს, რომ პატრიოტული სულისკვეთება კარგია, მაგრამ ჩინელი ტურისტი ხარისხიანი სერვისის გარეშე დავტოვოთ...
- მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ ეს საკითხი სხვა ქვეყნებში დიდი ხანია დალაგებულია. მაგალითად, ისრაელს ეს ძალიან კარგად აქვს მოწესრიგებული. ისრაელიდან შემოსული ტურისტების დიდი ნაწილი არ საუბრობს ინგლისურად, რუსულად ან ქართულად. მათ მოჰყვებათ ტურ-ლიდერი, რომელიც საუბრობს ინგლისურად და ქართველი გიდის მონაყოლს მათ მშობლიურ ენაზე უთარგმნის, ეს ტენდენცია უკვე წამოვიდა ჩინეთთან მიმართებითაც...
- ანუ ქართველი გიდი საუბრობს, მაგალითად, ინგლისურად და ჩინეთიდან წამოსული ტურ-ლიდერი თარგმნის?
- დიახ, ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც იცის თავისი ქვეყნის მოქალაქეების ადათები და ჩვევები, ამ ყველაფერს სიმბიოზში მოიყვანს ქართველ გიდთან.
- ანუ, საბოლოო ჯამში, აღსრულება თუ მოხდა, ქართველი გიდები უფრო მეტად დასაქმდებიან?
- დიახ, უფრო მეტად დასაქმდებიან, თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლებელია ფასებიც გაიზარდოს.




























