საოჯახო ნივთების მაღაზია "ჰოუმი" 2024 წლიდან ონლაინ გაყიდვებს დაიწყებს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მაყვალა როგავამ გადაცემა "ბრენდის ხმაში" ისაუბრა.
"მიმდინარე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბაზარს, გავაკეთებთ ანალიზს და ყველაზე ნაკლებად მოგებიან ობიექტს, რომლის იჯარაც დიდი იქნება, დავხურავთ და ამის ხარჯზე ბრენდის ვებგვერდს გავაკეთებთ, რომლითაც ელექტრონულად მოვემსახურებით მომხმარებელს. ეს კოვიდის დროს გვქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მომავალი წლიდან აუცილებლად გადავალთ ონლაინ გაყიდვებზე", - აღნიშნა მაყვალა როგავამ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ბრენდის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის რებრენდინგიც იგეგმება.
"ჩვენი ბრენდის დიზაინზე მაია წერეთელმა იმუშავა და იმის შემდეგ არ შეგვიცვლია. ახლა ვხვდებით, რომ დროა სიახლეები შემოვიტანოთ, შესაბამისად, რებრენდინგს განვიხილავთ და ლოგოში ცვლილებებს შემოვიტანთ", - დასძინა მან.
მაყვალა როგავა კონკურენციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ბრენდი კონკურენციას მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებით უმკლავდება.
"ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, ამასთან, არიან უცხოური ბრენდებიც. ჩვენთან ასორტიმენტი ყოველთვის იცვლება, გვაქვს ისეთი ასორტიმენტი, რომელიც ყოველთვის გაყიდვადია და ვერ ამოვიღებთ, თუმცა 2 თვის განმავლობაში ვცვლით ასორტიმენტს, ვამატებთ ახალს, ჭურჭლის ნაკრებების მიმართულებით ვვითარდებით, შემოგვაქვს უკეთესი სახის შეფუთვები და სასაჩუქრე ყუთები, რა თქმა უნდა, ამაში მიდის ხარჯები, თუმცა ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ დავემსგავსოთ ევროპულ მაღაზიებს და მომხმარებელი კმაყოფილი გავუშვათ", - ამბობს ის.
ცნობისთვის: კომპანია 25 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და 15 წელია, რაც ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდი მომხმარებელს საოჯახო ნივთებს, საახალწლო აქსესუარებსა და საჩუქრებს სთავაზობს.