გავრცელებული ინფორმაციით, სერიალ House of Cards-ის ("ბანქოს სახლი") მწარმოებელი კომპანია აპირებს კევინ სპეისის ჩვენება წარადგინოს, როგორც ბოლო მცდელობა Netflix-ის სერიალის ფინალური სეზონით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად.
The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, კომპანია Media Rights Capital (MRC), რომელმაც სერიალი გადაიღო, სასამართლოსთვის ემზადება. ეს არის მესამე და, სავარაუდოდ, ბოლო მცდელობა, რომ სადაზღვევო კომპანია Fireman’s Fund-ისგან $100 მილიონი დოლარი მიიღოს. ახალი სტრატეგიის ცენტრში, მოწმის სახით, 66 წლის კევინ სპეისია.
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (ბოლო 2023 წლის მიწურულს იყო), MRC-ის ახალი სტრატეგია სადაზღვევო დავაში სპეისის ჩვენებას ეფუძნება. მან უნდა თქვას, რომ 2017 წელს სერიალში დაბრუნება ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო. მანამდე, კონტრაქტის დარღვევის შესახებ დავის ფარგლებში, სპეისის, რომელიც სექსუალური სკანდალის გამო გაათავისუფლეს, კომპანიისთვის $31 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მისი პერსონაჟი, ფრენსის ანდერვუდი, მე-6 სეზონის სცენარიდან ამოიღეს.
მას შემდეგ, რაც MRC-მა სპეისის დაკისრებული საარბიტრაჟო ჯარიმა 1 მილიონ დოლარამდე შეუმცირა, მსახიობმა არა მხოლოდ სამედიცინო ჩანაწერები გადასცა კომპანიას, არამედ დასთანხმდა, სასამართლოში განაცხადოს, რომ "მე-6 სეზონში დაბრუნების ვალდებულების შემთხვევაში, შეიძლებოდა, თავი მოეკლა".
THR-ის ცნობით, "სხვა დეტალები გასაიდუმლოებულია".
სადაზღვევო პოლისის მიხედვით, კომპანიას Fireman’s Fund-ი "ავადმყოფობასთან" დაკავშირებულ ზარალს უნაზღაურებდა. ისინი ამტკიცებენ, რომ სპეისი გადაღებებზე სავარაუდო ვერ გამოცხადდა, რადგან ის სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა და რომ მისი მე-6 სეზონში არყოფნა პირდაპირ კავშირშია განცდილ ზარალთან.
2017 წლის ოქტომბერში მსახიობმა ენტონი რეპმა Buzzfeed-თან განაცხადა, რომ სპეისი მასზე სექსუალურად ძალადობდა, როცა რეპი 14 წლის იყო. ამას მოჰყვა 30-ზე მეტი სხვა ბრალდება. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში "House of Cards"-ის მსახიობმა მკურნალობა დაიწყო, Netflix-მა კი მასთან კავშირი გაწყვიტა. მოგვიანებით სასამართლომ სპეისი რეპის სექსუალური ძალადობის საქმეში უდანაშაულოდ ცნო.
თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია Fireman’s Fund ამტკიცებს, რომ MRC-ის განცდილი ზარალი გამოწვეულია სპეისის წინააღმდეგ წამოჭრილი ბრალდებებით, მედია აჟიოტაჟით და რომ კომპანიის მიერ სპეისის ჩამოშორება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება იყო.
სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ სავარაუდო შეუსაბამობა სპეისის ადვოკატისა და აგენტის მიერ MRC-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციებს შორის იმასთან დაკავშირებით, შეეძლო თუ არა მსახიობს მუშაობის გაგრძელება.
ნოემბრის დასაწყისში სპეისის აგენტმა MRC-ის დირექტორს უთხრა, რომ მსახიობი "ავად იყო" და "ძალიან დიდხანს" (მინიმუმ 6 თვით) მიდიოდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ვარსკვლავის ადვოკატმა კომპანიას აცნობა, რომ ის იყო "ხელმისაწვდომი, მზადყოფნაში და შეეძლო შეესრულებინა ყველა მომსახურება", რაც კონტრაქტით ევალებოდა.
მსაჯულები ასევე მოისმენენ ახალი მოწმის, კევინ სპეისის ჩვენებას. მოსალოდნელია, რომ ის იტყვის, რომ 2017 წლის ბრალდებების შემდეგ მუშაობის უნარი არ ჰქონდა და იმ დროს მკურნალობას საჭიროებდა.
პროცესის დაწყებამდე MRC-მა ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ მსახიობს არ შეეძლო და არ უნდა დაჰბრუნებოდა სამუშაოს.
მსაჯულებმა ასევე უნდა შეაფასონ Netflix-ის როლი მე-6 სეზონში. სადისტრიბუციო ხელშეკრულებით, სტრიმინგ-სერვისს შოუს სცენარზე, სიუჟეტსა და ქასთინგზე გადამწყვეტი სიტყვის უფლება ჰქონდა. მხარეები დაობენ იმაზე, გამოიყენა თუ არა Netflix-მა ეს უფლება სპეისის წინააღმდეგ წამოჭრილი ბრალდებების კვალდაკვალ.
სპეისი ახლახან დაუბრუნდა ტელევიზიას იტალიურ კომედიურ სერიალში "მინიარკეტი" (Minimarket), სადაც საკუთარ თავს თამაშობს. ეს მისი პირველი როლია "House of Cards"-იდან გაშვების შემდეგ.




























